საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს, თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე თავდაპირველად დაანონსებული 16:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათზე დაიწყება. ტერიტორია ავტოტრანსპორტისთვის დილიდან გადაიკეტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
„ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს და დარწმუნებული ვართ, რომ დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი გაივსება ჩვენი მხარდამჭერებით. ჩვენი საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო დამკვირვებლები კიდევ ერთხელ ნახავენ, თუ რაოდენ დიდია მმართველი გუნდისადმი მხარდაჭერა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციაზე მთელი ქვეყნიდან ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება იგეგმება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი კილაძის განცხადებით, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებენ სხვადასხვა სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლებს, სკოლის პედაგოგებსა და საბავშვო ბაღების აღმზრდელებს.
„ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა მათ გარკვეულ ნაწილთან, რომლებიც პირად საუბრებში ღიად ასახელებენ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, ვინც ემუქრებიან, თუ 23-ში ამ აქციას არ შეუერთდებიან, სამსახურის დატოვება მოუწევთ. მინდა, „ქართულ ოცნებას“ მივმართო, ხელისუფლებაში ყოფნის 4 დღე დაგრჩათ, მოიქეცით ღირსეულად, ნუ წაართმევთ ამ ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებულ მთავარ უფლებას - არჩევანის თავისუფლებას“, - განაცხადა კილაძემ.
მმართველი პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებამდე სამი დღით ადრე, 20 ოქტომბერს, კვირას, თბილისში მსვლელობა „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ხუთი სხვადასხვა ადგილიდან, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობის შემდეგ, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც კონცერტი გაიმართა. მსვლელობა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ იყო ორგანიზებული. მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც შეუერთდნენ.
