„2024 წლამდე სტატუს-კვოს აღდგენა“ – გახარიას პარტიის ინიციატივა რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები გამოდიან ინიციატივით, გაუქმდეს ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა. გიგა ფარულავას ინფორმაციით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანი 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს სრული აღდგენა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანი დაცვაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში არაერთი რეპრესიული ცვლილება შეიტანა, რითაც დადგენილი სასჯელები არაპროპორციული გახდა და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები არსებითად შეიზღუდა.

პარტიის შეფასებით, კანონები გამკაცრდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი პროტესტი განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც მიზნად განსხვავებული აზრის შეზღუდვასა და პოლიტიკური პროტესტის დასუსტებას ისახავდა.

„დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით.

ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერის აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ 2024 წლის სამართლებრივი მდგომარეობა იდეალურია, მაგრამ ამ სტატუს-კვოსთან დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი, რაც ახლანდელი მდგომარეობით ცალსახად დარღვეულია.

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფის გარეშე ასევე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დაცვა და საგარეო ამოცანების მიღწევა“, - განაცხადა ფარულავამ.

დაანონსებულ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ იუსტიციის სამინისტროში გამოეხმაურნენ. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ინიციატივას „ალოგიკური“ უწოდა, თუმცა საფუძვლად არა კანონპროექტის შინაარსი, არამედ მისი ავტორების ვინაობა და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები დაასახელა.

ძამაშვილის თქმით, შეკრების თავისუფლებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია იმ პარტიის მხრიდან, რომლის ლიდერიც 20 ივნისის აქციის დარბევისას შინაგან საქმეთა მინისტრი იყო:

„ეს გაჟღერებული ინიციატივა გახარიას გუნდის მხრიდან არის ნამდვილად ალოგიკური, არარაციონალური და ღიმილისმომგვრელი... საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოში დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პარლამენტის შტურმს... თუმცა, იმის გამო, რომ მაშინ შს მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციას, ისე დაიგეგმა ეს ოპერაცია, რომ სახელმწიფოს დაუდგინდა დარღვევა, მრავალი დაზარალებული მივიღეთ და სახელმწიფოს მოუწია ევროპული სასამართლოს წინაშე ამ დარღვევების გამოსწორებაზე ზრუნვა“, - განაცხადა ძამაშვილმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანონპროექტის პარლამენტში დაინიცირებას შემდეგ კვირაში გეგმავს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მას მხარი დაუჭიროს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით 300-ზე მეტი კანონი მიიღო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) კვლევის მიხედვით, ეს მეთოდი მიზანმიმართულად გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის დევნისთვის, რამაც ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მკვეთრად შემოაბრუნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.