პროკურატურამ თბილისში, 19 წლის რევი დემეტრაშვილის დაღუპვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა და სექსუალურად იძალადა“ - კახეთის პოლიციამ 5 პირი დააკავა
- 2 სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ
- 3 კობახიძემ დააკონკრეტა რომელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“
- 4 გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აგვისტოს ომზე „ქართული ოცნების“ განცხადება გაიმეორა
- 5 მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს
- 6 ივანიშვილმა სენატორ შაჰინს და კონგრესმენ ტერნერს შეხვედრაზე უარი უთხრა
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, რევი დემეტრაშვილი მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. „საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ავტოსაგზაო შემთხვევაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს. მათ მოიპოვეს თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო კადრები, სადაც სავარაუდოდ, შეჯახების შედეგად დაზიანებული პოლიციის ავტომობილი ჩანს. მოქალაქე გიორგი მოდებაძე, რომელმაც აღნიშნული კადრები გადაიღო, შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მას პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპატრულო ეკიპაჟმა, დევნის პროცესში, მოტოციკლის მძღოლს მანქანით გზა გადაუკეტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.