14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო და 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვს 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. ის გუშინ, 22 ოქტომბერს, დააკავეს.

„მე ბოლომდე ქართველი ხალხის გულშემატკივარი ვარ, რომელთა უფლებებიც ირღვევა. ივანიშვილი დიქტატურისკენ მიაქანებს საქართველოს. ივანიშვილს ვინც ეთანხმება, ისიც დიქტატურას უჭერს მხარს. რატომ იმ ფაქტებს არ იძიებთ, რასაც ადამიანების წინააღმდეგ სჩადიან? ივანიშვილია დასასჯელი. ერთი წელი შეგიძლია მომისაჯოთ, რადგან, რომ გამოვალ, მაშინვე აქციაზე გავალ“, - განაცხადა აფგან სადიგოვმა დღევანდელ პროცესზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბრის შემდეგ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით, 70-მდე დემონსტრანტი დააკავა. მათ დიდ ნაწილს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ამასთან, 22 ოქტომბერს სისხლის სამართლის წესით, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად პოლიციის მანქანაზე ავიდა. თამარ ლორთქიფანიძეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ როგორც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული არადემოკრატიული კანონების, ისე მათი აღსრულების ფორმის „ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ“.

„დემონსტრანტების დაკავებები ხდება ამორჩევით. განსაკუთრებული სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები. სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშის და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს.

გუშინდელი აქციის დროს ცალსახად გამოიკვეთა, რომ აკავებენ ტროტუარზე მდგომ მშვიდობიან მოქალაქეებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ახალი რეპრესიული კანონითაც კი არ არის აკრძალული.

დაკავებების ნაწილს წინ უსწრებდა, წინა დღეებში, მოქალაქეთა ჩხრეკა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათგან ამოღებული პირბადეების ნივთმტკიცებად დალუქვა.

რაც შეეხებათ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით შერჩეულ დემონსტრანტებს, მათ ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით ან/და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე აკავებენ და გადაჰყავთ ან სასამართლოში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაკავებიდან სასამართლოში ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, შსს ინფორმაციას პირის ადგილსამყოფლის შესახებ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აწვდის.

უმეტესად, ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო განხილვამდე დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეხვდნენ. საქმის განხილვა სასამართლოში დაჩქარებულად ინიშნება, რომელსაც უმეტესად ფორმალური ხასიათი აქვს. დაკავებულებს საქმის მასალებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე აცნობენ. ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება მოიძიონ მტკიცებულებები, წარადგინონ მოწმეები, სათანადოდ მოამზადონ საქმეზე დაცვის სტრატეგია და შეათანხმონ დაკავებულთან.

პოლიციელების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ფორმაც მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე.

დაკავებულებს შორის არიან ხანდაზმული პირები, არასრულწლოვანი ბავშვების დედები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასანქცირებულნი არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ. ამ მოსამართლეებს შორის არიან: ზვიად ცეკვავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 17 ოქტომბერს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საპროტესტო აქციების გამართვა კიდევ უფრო იზღუდება. აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. იგივე ქმედების ხელმეორედ ჩადენისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.