ლელი ბლაგონრავოვას ფოტო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციიდან, რომელიც სპეცრაზმმა დაარბია, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს. მათ შორის პოლიციის თანამშრომლებიც არიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში 15 პირი გადაიყვანეს. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“,- განაცხადეს სამინიტროში. მათივე ცნობით, გუშინ, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა იყო მობილიზებული.

დაშავებულებს აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე, ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.

1-ელ მაისს, პარლამენტის შენობის ეზოში განთავსებულმა სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრანტების მიმართ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ქაფი გამოიყენა, გაუშვეს მხუთავი გაზიც. კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს 26 წლის ნიკა დემურიშვილი, რომელმაც თვალთან ჭრილობა სავარაუდოდ რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მიიღო.

„პარლამენტის მარცხენა მხარეს ვიყავი, სადაც ცრემლსადენებს ისროდნენ და როგორც ჩანს, რეზინის ტყვიებსაც იყენებდნენ. გაზის საწინააღმდეგო ნიღაბი მქონდა და ხალხს ვეხმარებოდი გამოსვლაში, ფიზიოლოგიურ ხსნარს ვასხამდი, რომ ტკივილი ცოტა შემსუბუქებოდათ. ერთი-ორი ადამიანი რომ გამოვიყვანე და შევბრუნდი, მაშინ მომხვდა რაღაც - ან რეზინის ტყვია იყო, ან გაზის ბალონი. ვფიქრობ, რომ უფრო რეზინის ტყვია იყო. სხვებსაც ჰქონდათ მოხვედრილი“, - ამბობს ნიკა დემურიშვილი.

სხვა დემონსტრანტები ამბობენ, რომ რეზინის ტყვიები მოხვდათ. ჟურნალიტ დათო თამაზაშვილის თქმით, ნათლად დაინახა, რომ პარლამენტის ჭიშკრიდან ესროლეს. მას სამი ტყვია ფეხებში აქვს მოხვედრილი.

დაშავდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძეც. როგორც ის ამბობს, მუცელსა და ხელზე არსებული ჭრილობები სწორედ რეზინის ტყვიისგან აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გვიან ღამით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მან აქციის მონაწილეები დაადანაშაულა „გაურკვეველი წარმოშობის მხუთავი აირებისა და გაზების“ გამოყენებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).