საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის დასკვნით სხდომას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ბრალდების მხარის „სრული კოლაფსის“ შესახებ წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ადვოკატი „ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა“. მისი თქმით, ეს არის „ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც არ იფუთება“.
„ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილი ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო. დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების (ყველა მოწმე პოლიციელია და „დაზარალებული პოლიციელის“ თანამშრომელი), ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი... ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესიდან.
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. ადვოკატი მაია მწარიაშვილი 6 საათზე მეტია, ბოლო სიტყვას წარმოთქვამს.
„პრაქტიკულად, ხელისუფლებამ განაჩენიც გამოიტანა. ჩემი კითხვა, ქალბატონო მოსამართლე, თქვენთან არის: როგორ დაგვარწმუნებთ, რომ თქვენ გაქვთ ის უნარი, რომ გაუძლოთ ამ ზეწოლას? შეგიძლიათ უთხრათ, რომ ეს არ არის მძიმე დანაშაული და მათ არავინ ეკითხება? შეგიძლიათ თქვენ მათ ასეთი რამ უთხრათ?! თუკი მოსამართლეს ამის მითითება არ შეუძლია, არ შეუძლია „დასვას“ თავის ადგილზე, წარმოიდგინეთ ჩემი როლი რა შეიძლება იყოს - რა ვუპასუხო პრემიერს. სამწუხაროდ, არ მჯერა, რომ არც ამ სასამართლოს და არცერთ მოსამართლეს არ შეუძლია ამის თქმა“, - თქვა მაია მწარიაშვილმა სიტყვის დასაწყისში.
ადვოკატმა დეტალურად ისაუბრა საქმეში არსებულ დარღვევებზე, მზია ამაღლობელის უფლებების ხელყოფასა და საქმისთვის მინიჭებულ არასწორ კვალიფიკაციაზე. მაია მწარიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სილა ვერ დააზიანებდა ჯანმრთელობას, ხოლო ირაკლი დგებუაძის პატივმოყვარეობის საკითხს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა.
„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ა. ჩიქობავა) მიხედვით, გაშლილი ხელის სახეში დარტყმა არის ალიყური, სილაქი, გალაწუნება, ლაწანი, შემოლაწუნება, ტყლაშანი, თხლაშანი.
სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას. დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი.
პროკურორი დაგვეთანხმა, რომ მზიას ქმედება არ იყო მიმართული ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ. თუ სილა ვერ აზიანებს ჯანმრთელობას, რა უნდოდა მზიას? რა არ ასვენებდა?
სახელისუფლებო კომენტარებიც სულ ამბობს, რომ ეს არის შეურაცხყოფა, მაგრამ მძიმე დანაშაულიო. კვალიფიკაცია ვერ დადგება იმაზე, რომ დგებუაძის პატივმოყვარეობა იყო შეურაცხყოფილი. ამ ეპიზოდში მზიას სახეში რომ ეჩქმიტა, რას იტყოდა ბრალდება, თავს დაესხა და სახეზე უჩქმიტაო?“ - მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.
მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი საქმეზე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.
მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმში მისი კოლეგები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.
