ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 და 12 წლის მოზარდებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოსვლა მოახერხეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
ხანძრის გაჩენის დროს და-ძმები ნაქირავებ ბინაში მარტო იყვნენ. უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. როგორც ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, დავალიანების გადაუხდელობის გამო, სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ჩაუჭრეს. არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვებს ღამე სანთელი ენთოთ.
მეზობლების თქმით, ბავშვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა, დედასთან დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც მას შემოსავალი გაუჩნდა. ქალი თხილის კრეფაზე იყო დასაქმებული და ბავშვები სახლში მარტო ხშირად რჩებოდნენ.
ხანძარი დაახლოებით 02:00 საათზე გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ადგილზე მისულ სახანძრო მანქანას პრობლემა შეექმნა, კერძოდ, სახანძრო კიბე თავიდანვე არ გაიხსნა.
„სახანძრო რომ მოვიდა, ქვემოდან ასხამდნენ წყალს და როგორ უნდა ჩაექროთ? ვერ ავიდა წყალი“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა მათ ორი მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ. სამსახურში უარყოფენ, რომ მეხანძრეებმა კიბის გახსნა ვერ შეძლეს და აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
