ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აფშილავამ სამოქალაქო აქტივისტ როსტევან (როსტო) ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მერიის თანამშრომელის შეურაცხყოფის საფუძვლით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
აქტივისტს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, მაგდალინა თოდუამ უჩივლა Facebook კომენტარში მისთვის „ფოჩოს“ და „ტვენგეს“ [მეგრულად - „უტვინო“ და „სულელი“] წოდების გამო.
როსტევან ზარანდიას თქმით, მერიის Facebook გვერდზე მისი კომენტარი 9 აპრილს, ზუგდიდში გამართული აქციის დარბევას მოჰყვა.
„ეს ყველაფერი [დარბევა] იმიტომ მოაწყვეს, რომ ეს ააიპ-ებში სახელდახელოდ და ნაცადი ტექნიკით შეგროვებული ხალხი მისულიყვნენ მემორიალთან და მწუხარე სახით ეპოზიორათ, რათა შემდეგ ეგ ფოტოები მაგდალინას და მისთანა პიარგამლამაზებლებს ეფრიალებინათ, თუ როგორი პატრიოტები გვყვანან ბოსები. სიჩქარეში, ვერ მოახერხეს ამ დანაშაულის ფოტოებით შელაზება, რადგან ფოტოზე გამოჩნდა დროშები (ერთ-ერთი აშშ-ის), რომელიც ჩვენი გადათელვის შემდეგ გადააგდეს და ბუჩქზე ეგდო, მემორიალის უკანა ფონზე.
ამ პოსტებზე ვუწერდით კომენტარებს უსამართლობით აღშფოთებული მოქალაქეები და ეს რეალობის გამყალბებლები შლიდნენ ბეჯითად. რამდენიმე ასეთი კომენტარია ჩემი.
„მაგდა, სი ფოჩო, ირფელ აგოსკიდუნ თის ფირქენქო? შლი ამ კომენტარებს იმიტომ რომ ამ პოსტის დადების საშუალება რომ მოგცემოდა, ჩვენი თავი აცემინეთ, შე ბატო! შენ ასწავლი მოზარდებს სამოქალაქო საზოგადოება როგორია? შენ ხარ გამყალბებელი პედაგოგი. რეალობას აყალბებ, არჩევნებს აყალბებ. დამნაშავე ხარ მაგდალინა თოდუა“, - ამაზე ამბობს, რომ გული გაუხდა ცუდად ჩემი კომენტარების გამო.
დარწმუნებული ვარ, ეს არ ხდება მისი ინიციატივით და ბოსების დავალებას ასრულებს“, - დაწერა როსტევან ზარანდიამ დღევანდელ სასამართლო სხდომამდე Facebook-ზე.
როსტევან ზარანდია და მაგდალინა თოდუა ათ წელზე მეტია ერთმანეთს იცნობენ. აქტივისტ მარიამ სიჭინავას თქმით, პროცესზე თოდუას გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენეს, რათა დაედასტურებინათ, რომ მეგობრობენ და ხშირად მიუმართავთ ერთმანეთისთვის მსგავსი სიტყვებით. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სიჭინავას განცხადებით, მოითხოვეს მეგრული ენის თარჯიმნის მიყვანაც, რომელიც სიტყვების „ტვინგე“ და „ფოჩო“ კონტექსტს განმარტავდა. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა - იმ საფუძვლით, რომ სიტყვების მნიშვნელობა ისედაც იცის.
ბოლო პერიოდში სასამართლომ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ათობით ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად Facebook-ზე გამოთქმული მოსაზრების გამო. მათ შორის არიან ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც.
თებერვალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 17316-ე მუხლი და დასჯადი გახდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 2500 ლარიდან 6000 ლარამდე, ხოლო პატიმრობის ვადა 60 დღემდე იზრდება.
