ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით დამტკიცდა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ორ დღეში განიხილა და დღეს, 4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, საბოლოოდ დაამტკიცა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოში სრული ზოგადი განათლება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი გახდება. ზოგადი განათლების საფეხურები კვლავ სამი იქნება: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).

დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრება 6 წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე სკოლაში ჩაირიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი.

11 კლასის პროგრამის დაძლევის შედეგად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი, ხოლო ნებაყოფლობითი მე-12 კლასის დასრულების შედეგად, მოსწავლე დამატებით მიიღებს 12-წლიანი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

მე-12 კლასის გავლა ნებაყოფლობითი იქნება 2028-2029 სასწავლო წლიდან. სწავლა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე განხორციელდება.

I−VI კლასებში მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც „ქართული ოცნების“ განათლების, მეცნიერებისა და ახლაგაზრდობის სამინისტრო დაამტკიცებს. სამინისტრომ 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშის, საფასურის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესის დადგენა.

სკოლას უფლება ექნება, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. სასკოლო ფორმის დაწესებისას, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით.

სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი გაუქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.

მე-11 კლასში სკოლაში ორგანიზებული იქნება რეპეტიტორიუმი, რაც ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც მე-11 კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს.

„ქართული ოცნების“ განათლების სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს. როგორც „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, მოსწავლეების მიერ მობილიური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება.

მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.