ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში იმავე ბრალდებით დააკავეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავება ოფიციალურად დადასტურდა იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანული მხარე მანამდე მის ექსტრადიციას ითხოვდა საქართველოდან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ სადიგოვის წინააღმდეგ განხორციელებული პროცესი წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და ფაბრიკაციული სპეცოპერაცია იყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ღიად მონაწილეობდა.

„აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში ჟურნალისტი იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე გამოძიება და დევნა შეწყვეტილი იყო და ექსტრადიციის მოთხოვნაც ამის გამო შეჩერდა. ახლა კი დევნა განახლდა, თითქოს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე“, - აცხადებს მიქელაძე.

აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდა აკრძალული საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ აკრძალვისთვის გვერდის ასავლელად, 2026 წლის 1-ელ აპრილს აზერბაიჯანმა ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ფორმალურად შეწყვიტა. 3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მასზე დაკისრებული გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილის ღამეს კი სადიგოვი თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტი იმავე ღამეს, დაახლოებით 04:00 საათზე გაასამართლა და აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ გააძევა. სადიგოვს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმაც შეუფარდეს და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალეს.

1-ელ მაისს ბაქოში დაბრუნებულმა ჟურნალისტმა საერთაშორისო პასპორტი მიიღო, თუმცა 26 მაისს აზერბაიჯანის დატოვების მცდელობისას მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

თამთა მიქელაძის შეფასებით, ეს საქმე გასცდა ერთი ჟურნალისტის ინდივიდუალურ ისტორიას და იქცა ტესტად ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის სისტემისთვის.

„აზერბაიჯანი და საქართველო მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით, კონვენციური ვალდებულებების საწინააღმდეგოდ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დალოდებაც კი არ მოინდომა აზერბაიჯანმა და ორ თვეში ჟურნალისტი იმავე საქმეზე დააკავა. ეს ფაქტი აუცილებლად გახდება ევროპული სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილების საფუძველი“, - აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.