უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ორ-სამ თვეში ჩაატაროს არჩევნები იმ პირობით, რომ ხმის მიცემის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
ზელენსკის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა „ხელისუფლებას ებღაუჭება“ და რომ სწორედ ამიტომ გრძელდება ომი, „აბსოლუტურად არაადეკვატურია“. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუ მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი.
„უკრაინაში არჩევნების საკითხი, მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული და ეს უკრაინის ხალხის საკითხია, არა სხვა ქვეყნების ხალხის. ჩვენი პარტნიორების მიმართ სრული პატივისცემით.
გულწრფელად ვიტყვი: არჩევნებისთვის მზად ვარ. თუ კითხვა ასეთია... მოვისმინე მინიშნებები, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, ან პირადად მე პრეზიდენტობას და სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი — ეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ნარატივია.
არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ორი საკითხია: პირველი და უმთავრესი, უსაფრთხოება - როგორ გავაკეთოთ ეს თავდასხმის დროს, რაკეტების ქვეშ. ჩვენს სამხედროებთან დაკავშირებით კითხვა ასეთია: როგორ მისცემენ ისინი ხმას? მეორე საკითხია საკანონმდებლო საფუძველი არჩევნების ლეგიტიმურობისთვის.
რადგან დღეს ამ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტი და ჩვენი პარტნიორები აყენებენ, ძალიან მოკლედ ვუპასუხებ: მე მზად ვარ არჩევნებისთვის. უფრო მეტიც, ახლა ვთხოვ — და ამას ღიად ვაცხადებ — შეერთებულ შტატებს, დამეხმარონ, შესაძლოა, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შემდეგ, მომდევნო 60-90 დღეში, უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად. პირადად მე მაქვს ამის ნება და მზადყოფნა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან უკრაინელ პარლამენტარებს მოუწოდა, მოამზადონ საკანონმდებლო წინადადებები საომარი მდგომარეობის დროს საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. „ხვალ უკრაინაში ვიქნები, ველოდები პარტნიორებისა და პარლამენტარების წინადადებებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოცხადდა. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება დაუშვებელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დროა. რამდენიმე დღის წინ, გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში მან თქვა: „ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს არჩევანი უნდა ჰქონდეს. და შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს. არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ დიდი ხანია არჩევნები არ ჩაუტარებიათ. იცით, ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე იქამდე მიდის, რომ ეს დემოკრატია აღარ არის“.
ომის ფონზე უკრაინაში არ ჩატარებულა 2023 წლის ოქტომბერში დაგეგმილი უმაღლესი რადას არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო.
