ზელენსკის განცხადებით, ევროპამ „დაკარგა“ საქართველო, რომელიც ახლა „რუსეთზეა დამოკიდებული“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ახლავე იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამხედრო ალიანსის წევრობაც კი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ხარ. სულ ახლახანს, 19-მა მარტივმა რუსულმა დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე და მხოლოდ 4 ჩამოაგდეს. საბედნიეროდ, „შაჰიდები“ ან უარესი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი შედეგები მოჰყვებოდა.

ესტონეთს ისტორიაში პირველად მოუწია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, რადგან რუსული გამანადგურებლები განზრახ შეიჭრნენ მის საჰაერო სივრცეში.

მოლდოვა კვლავ იცავს თავს რუსეთის ჩარევისგან. ჩვენ ვეხმარებით მოლდოვას. რუსეთი კი ცდილობს მოლდოვას გაუკეთოს ის, რაც ირანმა ოდესღაც ლიბანს გაუკეთა. და როგორია გლობალური რეაგირება? კვლავ არასაკმარისია.

ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო. ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ ვიწროვდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.

ბელარუსიც მრავალი წლის განმავლობაში მიდიოდა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. ევროპამ მოლდოვაც არ უნდა დაკარგოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ უგულებელყო მსოფლიომ ოდესღაც საქართველოს დახმარების აუცილებლობა რუსეთის თავდასხმის შემდეგ და როგორ გაუშვა ხელიდან ეს მომენტი ბელარუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ახლავე უნდა შეაჩერონ, რადგან მას ევროპაში ომის გაფართოება სურს.

„ჩვენ ადრეც გითხარით - უკრაინა მხოლოდ პირველია. რუსული დრონები ახლა უკვე ევროპის მასშტაბით დაფრინავენ და რუსული ოპერაციები უკვე სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება. პუტინს სურს ამ ომის გაგრძელება მისი გაფართოებით. ახლა არავის შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს ხსენებისთვის უკრაინის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ წევრებმა და სამთავრობო პროპაგანდისტებმა გააკრიტიკეს. ერთ-ერთი პირველი „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი მაია ბითაძე იყო, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, ზელსნსკის განცხადება სამარცხვინოა.

„დღეს იცლის, ამ კრიზისის დროს და საუბრობს საქართველოზე, თითქოს საქართველო არის გადასარჩენი და ჩვენ ვართ თურმე რუსეთზე დამოკიდებული, მაშინ როდესაც სწორედ ზელენსკიმ გახვია რუსეთთან ცეცხლის ალში და ხელი შეუწყო ამ პროცესს, საკუთარი სამშობლო და ხალხი“, – განაცხადა ბითაძემ.

 

ამ თემაზე:

ნავროცკი: საქართველოზე რუსეთის თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.