საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა და ქუთაისი-ბარსელონას რეისი დღეს, 19:00 საათზე შესრულდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს და ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის, საფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. მგზავრების შემოწმება დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და ვაგრძელებთ საჰაერო ხომალდების მიღებას“, - თქვა ქარქაშაძემ.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამაც. მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება.
„აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება,“ - აცხადებენ აეროპორტში.
Wizz Air-ის თვითმფრინავი, რეისის ნომრით W66417, დღეს, 12:45 საათზე ბარსელონას მიმართულებით გაფრინდა, თუმცა დაახლოებით 10 წუთში კვლავ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ეკიპაჟმა უკან დაბრუნება ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტა. ბორტზე 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
მომხდარის გამო ქუთაისის აეროპორტის მუშაობა შეფერხებული იყო.
