„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ხედავს, რომ რუსეთი მტერი არ არის. რუსეთი კეთილმეზობლური პარტნიორული ურთიერთობებია“, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 საქართველოში თოვლიანი ამინდი 3 იანვრამდე შენარჩუნდება
მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, აჩვენებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ცდილობს გარე გამოწვევებთან გამკლავებას.
„საქართველოში მუდმივი არეულობაა. ისინი, ვინც სოროსის სხვადასხვა ფონდიდან, ე.წ. დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდიდან უზარმაზარ თანხებს იღებენ, მუდმივი დემონსტრაციებით, მიტინგებითა და პიკეტებით აგრძელებენ იქ ქაოსის დათესვას, მაგრამ საქართველოს მთავრობა დღეს ამას უმკლავდება“, - განაცხადა რუსეთის დუმის წევრმა.
ვიქტორ ვოდოლაცკიმ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს საზღვრიდან რუსეთის მოქალაქეების უკან გაბრუნების შემთხვევების გამო. მისი თქმით, ახალი წლის დღეებში მათ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვათ იმ მიზეზით, რომ დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში დაიბადნენ. უკრაინის ეს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
„მათ უკან აბრუნებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ დაიბადნენ, დაბრუნდნენ რუსეთის შემადგენლობაში და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ ნაცისტურ იდეოლოგიას არ დაემორჩილნენ. სწორედ ამ ნიშნით საქართველოს სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობამ ასეთი დირექტივა გასცა“, - განაცხადა ვოდოლაცკიმ.
მისი თქმით, სიტუაციას აკვირდებიან და დღეისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრებთან კონტაქტები მიუთითებს, რომ ისინიც არ არიან ინფორმირებულნი საზღვარზე მიმდინარე პროცესის შესახებ:
„დეპუტატები, რომლებთანაც კავშირი გვაქვს, ამბობენ, რომ დღეს თავად საქართველოს მთავრობაში, ძალოვანი ორგანიების ხელმძღვანელობაში არიან პირები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის მომხრეები არიან - ნარჩენები, რომლებიც საქართველოს წინა ხელმძღვანელობაში იყვნენ, როდესაც საქართველოს უნდოდა თავისი სუვერენიტეტის დაკარგვა და როგორც უკრაინას, საკუთარი ტრადიციული, კულტურული, ოჯახური ღირებულებების განადგურება სურდა“.
ვოდოლაცკიმ აღნიშნა, რომ სართველოში რუსეთთან სიტუაციის გაუარესების მოსურნე „შიდა მტრები“ არიან.
„საქართველოს ხელმძღვანელობა ახლა ხედავს, რომ რუსეთი მტერი არ არის, რუსეთი კეთილმეზობლური პარტნიორული ურთიერთობებია, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადი მას საქართველოში ეკონომიკის განვითარების საშუალებას აძლევს, რუსეთი ჯადოსნური ჯოხია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ამიტომ ხალხი თავად არ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება, რადგან ისინი დაკარგავენ იმ შემოსავალს, რომლის იმედიც ჰქონდათ.
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ არა მხოლოდ საერთო ენას ვიპოვით საქართველოს პარლამენტთან, არამედ საქართველოს ხელმძღვანელობა მიიღებს ზომებს, რათა დაადგინოს ვინ არის ის იუდა, რომელმაც ასეთი ბრძანება გასცა და მესაზღვრეები ჩვენს მოქალაქეებს, ბავშვებთან ერთად უკან აბრუნებდნენ“, - დასძინა ვოდოლაცკიმ.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ წინასაახალწლოდ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო ქვეყანაში შესვლაზე სულ უფრო ხშირად ეუბნება უარს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია უკრაინის სსრ, აფხაზეთის ასსრ, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები.
