გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს და თბილისში ვიზიტით, სურს ნათელი გახადოს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„საქართველოს ხალხისთვის ევროკავშირი მკაფიო მიზანია. ბოლო კვირებში ისინი ევროკავშირის დროშას თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ, როდესაც პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად დემონსტრაციებს მართავდნენ. ჩემი ვიზიტით მინდა ვაჩვენო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ჩვენ ვხედავთ ქვეყნის ევროპული კურსიდან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, გადახვევის მცდელობებს და ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან.
თბილისში მთავრობას დაველაპარაკები იმ ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმა ქვეყანას კიდევ მოუწევს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დემოკრატიული სტანდარტების დაცვის გარდა, საუბარია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებაზე, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და პატივისცემით განწყობილ საჯარო დებატებზე, მაშინაც კი, როდესაც ხანდახან შეხედულებები სხვადასხვაა.
ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ეს ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებული ვართ, რომ აქ არ შეიძლება იყოს იარლიყები ან დამცირება“, - განაცხადა ბერბოკმა.
ანალენა ბერბოკის კომენტარი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მინისტრი ჩრდილოეთ მაკედონიას და საქართველოს ეწვევა. სკოპეში ვიზიტისას ყურადღება გამახვილებული იქნება ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნაბიჯებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საქართველოც მიისწრაფვის, შეუერთდეს ევროკავშირს და საქართველოს ხუთიდან ოთხ მოქალაქეს სწორედ ეს სურს.
ანალენა ბერბოკი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და სხვებთან.
