26 მაისს, ოპოზიციური ალიანსის ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციური სპექტრი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებს. პარალელურად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციას წარუმატებელს უწოდებენ და ოპოზიციის პოლიტიკურ რესურსს მინიმალურად აფასებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
აქციის დასრულების შემდეგ, ოპოზიციური ალიანსის ლიდერებმა შეკრება შემდგარად შეაფასეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ და სამართალდამცველებმა მათ რუსთაველის გამზირზე სასცენო მოწყობილობების შეტანის საშუალება არ მისცეს, ალიანსმა ღირსების დაცვა შეძლო.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა, სახელწოდებით - საქართველო იმსახურებს უკეთესს. მისი თქმით, კამპანიის მთავარი მიზანი ხალხთან უფრო ინტენსიური, პირდაპირი კომუნიკაცია და არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების შეთავაზებაა.
„გუშინ ხალხის რაოდენობა იყო იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი. ეს არის ნდობა, რომელსაც არ გავუცრუებთ. ჩვენი მიზანია საზოგადოების გამთლიანება, მაშინ როცა „ქართულ ოცნებას“ მათი გათითოკაცება სურს. შემდგომ დიდ შეკრებას აუცილებლად გეტყვით, ეს არ იქნება მოკლე ვადაში, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული სამუშაოს სირთულე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს ფეისბუქ ლაივების ჩაწერისა და ოპოზიციისგან მოლოდინების გაზიარებისკენ მოუწოდა, ხოლო ელენე ხოშტარიამ სოლიდარობა გამოუცხადა პოლიტპატიმრებს.
აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციამ ნიკოლაძის ქუჩაზე გააჩერა ავტომობილი, რომლითაც ოპოზიციას ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადაჰქონდა. მძღოლი 1 000 ლარით დააჯარიმეს და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე სცენის მოწყობის მოთხოვნა დაუშვებლად მიიჩნია და ეს გადაწყვეტილება სატრანსპორტო ნაკადების შეფერხების პრევენციით ახსნა.
აქციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, რომელმაც ოპოზიციის მიერ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა და რესურსი გააკრიტიკა.
„როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5 000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ. დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს თუნდაც ორი წლის წინ“, - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი ვაშაძემ ასევე ისაუბრა მოძრაობა „ჯერ საქართველოზე“ და აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობის სურვილი აქვთ. „ძალიან კარგი სპეციალისტები არიან შეკრებილები, ჩვენ მათთან საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ, რადგან ძალა ერთობაშია“, - განაცხადა ვაშაძემ.
