ვითარება რთულია - რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი პატრიარქის მდგომარეობაზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოწვეული კონსილიუმის წევრის, რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა კვლავ რთულია და იგი ინტენსიურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს. ექიმის თქმით, ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა გულის მუშაობისა და წნევის შენარჩუნებაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რვა ქართველი რეანიმატოლოგისგან შემდგარმა გუნდმა უკვე შეისწავლა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია და ანალიზების პასუხები. მისი განმარტებით, პრინციპული ცვლილებები მკურნალობის გეგმაში არ შესულა, რადგან მანამდე გატარებული ზომები ოპტიმალური და სრული მოცულობის იყო.

„ვითარება რთულია. პაციენტი იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა - რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია, თუმცა ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს დროს, რათა სისხლდენისა და შოკის შედეგები კუპირებული იყოს“, - განაცხადა კალოიანმა.

ექიმის თქმით, კლინიკა სრულად არის უზრუნველყოფილი საჭირო მედიკამენტებითა და ტექნიკური აღჭურვილობით, ამიტომ დამატებითი რესურსების მობილიზება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება უცხოელი სპეციალისტების ჩართვას, კალოიანმა აღნიშნა, რომ კონსილიუმში მხოლოდ ქართველი ექიმები მონაწილეობდნენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში დღეს, 17 მარტს, გამთენიისას გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციის მიზეზი კუჭიდან მასიური სისხლდენა გახდა, რამაც ორგანიზმში სერიოზული გართულებები გამოიწვია. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 93 წლის პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, რის გამოც მრევლს ლოცვისკენ მოუწოდეს.

ილია II საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან მართავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო 2017 წლის გადაწყვეტილებამ, როდესაც პატრიარქმა თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. დებულების თანახმად, სწორედ მოსაყდრე იღებს ეკლესიის მართვის სადავეებს, თუ პატრიარქი მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.