ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჯარი გაგზავნოს უკრაინაში და რუსეთს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც უკრაინის გრძელვადიანი დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
Wall Street Journal-თან ინტერვიუში ვენსმა თქვა, რომ არსებობს ზემოქმედების როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლოა აშშ-მა პუტინის წინააღმდეგ გამოიყენოს და დასძინა, რომ უკრაინაში შეერთებული სტატების შეიარაღებული ძალების გაგზავნის შესაძლებლობა ისევ განიხილება, თუ მოსკოვი უარს იტყვის კონფლიქტის გადაწყვეტაზე.
ვენსის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებს შესაძლოა მოჰყვეს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც „ბევრ ადამიანს შოკში ჩააგდებს“. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა გადახედოს თავის პოზიციას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, მაგრამ თქვა, რომ ადმინისტრაციის უშუალო პრიორიტეტია დაარწმუნოს პუტინი, რომ დიპლომატია უფრო წაადგება მას, ვიდრე ომის გაგრძელება.
ჯეი დი ვენსის თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი უკრაინის ტერიტორიულ მოწყობაზე ან უსაფრთხოების გარანტიებზე.
„არსებობს მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც სავარაუდოდ, დღეს, მიუნხენში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ვენსი არ გამორიცხავს იმასაც, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ აშშ-მა რუსეთთან ურთერთობების გადატვირთოს. მისი თქმით, დასავლეთისგან იზოლაცია რუსეთს აიძულებს ჩინეთთან ურთიერთობაში პატარა ძმის როლში იყოს, რაც „პუტინის ინტერესებში არ არის“.
ვიცე-პრეზიდენტის ამ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე არსებულ საზღვრებთან - ვიდრე რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა - არარეალისტური ამოცანაა და შეერთებულ შტატებს „არ სჯერა“, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება სამშვიდობო მოლაპარაკების „რეალისტური შედეგია“.
