ვენესუელის დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრების, მათ შორის, ოპოზიციონერების გათავისუფლებას იწყებს. პატიმართა ზუსტი რაოდენობა და მათი ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მედიის ინფორმაციით, გათავისუფლდება ოპოზიციური ხუან პაბლო გუანიპა და უფლებადამცველი როჩიო სან მიგელი. უცხოური მედია საშუალებები იუწყებიან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ენრიკე მარკესის შესაძლო გათავისუფლების შესახებაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის ძმამ, ხორხე როდრიგესმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ პატიმრების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. მისი თქმით, დროებითმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება „ეროვნული ერთიანობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის“ ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
როგორც ცნობილია, პატიმრების ნაწილს ათავისუფლებენ ელ ჰელიკოიდის ციხიდან, რომელიც ცნობილია სასტიკი პირობებითა და მადუროს რეჟიმის ოპონენტების წამებით.
ვენესუელაში დაახლოებით 800 პოლიტიკური პატიმარია. მათი უმეტესობა 2024 წელს, ნიკოლას მადუროს ხელახალი არჩევის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
BBC წერს, რომ როსიო სან მიგელი, მადუროს ხმამაღალი კრიტიკოსი და თავდაცვის ექსპერტი, პირველი პატიმარი იყო, რომლის გათავისუფლებაც დადასტურდა. ისიც 2024 წელს დააკავეს და ბრალი წაუყენეს პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობაში, ღალატსა და ტერორიზმში.
ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო, რომელსაც ციხეში ახლო მოკავშირეები ჰყავს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმა. მაჩადომ შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარაკასში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციისთვის და ვაშინგტონის ქმედებებს „კაცობრიობის, თავისუფლებისა და ადამიანური ღირსებისთვის უდიდესი ნაბიჯი“ უწოდა.
ვენესუელის ავტორიტარი ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი 3 იანვარს, საკუთარ სახლში დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით გაასამართლებენ.
