ვასაძის თქმით, ქართულმა ბანკებმა მისი, ოჯახის წევრების და ღვინის საწარმოს ანგარიშები დაბლოკეს

პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ მისი დასანქცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, საქართველოს საბანკო სისტემამ „დევნა განახორციელა“ არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების მიმართაც.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვასაძე აცხადებს, რომ იძულებულია, დაიწყოს „სამართლებრივი დაცვის პროცედურები“ როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა „თიბისიმ“ დაბლოკა ჩემი, ჩემი მეუღლის (რვა შვილის დედის) ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 76 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.

მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა - „საქართველოს ბანკმა“ - მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, „თიბისისთან“ ერთად, „საქართველოს ბანკმაც“ საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს - მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.

ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება“, - წერს ვასაძე წერილში, რომელიც „კონსერვატორ ბრიტანელ მეგობრებს“ მიწერა.

ვასაძე ამბობს, რომ ქართული ბანკები საქართველოს კანონმდებლობას არღვევენ, რადგან ეროვნულმა ბანკმა, 2023 წლიდან აამოქმედა ცვლილება სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ბიზნესმენის თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ მის მიმართ „მცდარი ფორმულირებით“ გამოაცხადა.

„მე არც ქართველი პოლიტიკოსი ვარ, არც მედიამაგნატი და არასოდეს გამივრცელებია არავითარი „პრორუსული დეზინფორმაცია“. [...] შესაძლებელია მხოლოდ დამახასიათონ როგორც საზოგადო მოღვაწე, რომელიც აწ უკვე ორი წელია იძულებული გახდა შეეჩერებინა თავისი საჯარო წერილები და გამოსვლები პოდკასტების სახით. არანაკლებ მცდარია ბრალდება, თითქოს მე „მედიამაგნატი“ ვიყო“, - წერს ლევან ვასაძე.

ვასაძის შეფასებით, „ან ბრიტანეთის მთავრობა მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც ჯორჯ სოროსისა და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსებით მოქმედებენ, ან ეს მცდარი ბრალდებები უბრალოდ გამოყენებულია სხვა, ჩემთვის უცნობი მიზეზით ჩემი დევნის გასამართლებლად".

გაერთიანებულმა სამეფომ, „საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე“, 19 სექტემბერს ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელთა სამინზე ლევან ვასაძე და საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გახდნენ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ „პუტინის უკანონო ომს უკრაინაში“. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.