ვანო ზარდიაშვილი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორობიდან გაათავისუფლეს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია სსე-ის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიორგი აბრამიშვილმა დაადასტურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში აბრამიშვილი აცხადებს, რომ ზარდიაშვილი ამჟამად შვებულებაში იმყოფება და თანამდებობას ოფიციალურად შვებულების დასრულების შემდეგ დატოვებს.

ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ზუსტი მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, ცვლილება შესაძლოა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით მომხდარ ელექტროენერგიის მასშტაბურ ავარიულ გათიშვას უკავშირდებოდეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სამუშაო ჯგუფის 30 ივლისის ანგარიშის მიხედვით, მასშტაბური კასკადური გამორთვები შესაძლოა გამოწვეულიყო საქართველოს ელექტროქსელის აზერბაიჯანის ელექტროქსელიდან გათიშვით.

მარეგულირებლის ცნობით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანთან პარალელურ რეჟიმში მუშაობდა, რა დროსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, მოხდა ორი სისტემის გამიჯვნა. ამან სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, ხოლო საბოლოოდ, ქსელის სრული გათიშვა გამოიწვია. ანგარიშში ასევე საუბარია ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალ 110-კილოვოლტიან გადამცემ ხაზზე („გეგუთი“), რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია.

სემეკი მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს და ორ ძირითად საკითხს იკვლევს: რამ გამოიწვია აზერბაიჯანის ქსელიდან გათიშვა და რამდენად მდგრადია საქართველოს ენერგოქსელი იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისთვის.

ზედიზედ ორი დღის განმავლობაში მასშტაბურ ენერგოკოლაფსზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

კითხვაზე, გახდა თუ არა ზარდიაშვილის მოხსნის საბაბი სემეკის პირველადი დასკვნა, გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ დანამდვილებით არ იცის, თუმცა სემეკის ანგარიშს კრიტიკულად აფასებს.

„სემეკის ანგარიში, ჩემი აზრით, „ბულშითი“ [სისულელე, უაზრობა]  იყო, იმიტომ, რომ სუს-ი აკეთებს გამოკვლევას და რა შუაშია სემეკი? მაგრამ არამგონია, მაგას უკავშირდებოდეს“, - აცხადებს აბრამიშვილი.

მისი თქმით, გადამცემ ხაზებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პრობლემები ათეულობით წელია არსებობს და ეს ზარდიაშვილის „ბრალი“ ვერ იქნება. აბრამიშვილი მას წარმატებულ მენეჯერად მოიხსენიებს, რომელმაც „დიდი ხნის არეული სისტემა დაალაგა და გამჭვირვალე გახადა“.

„მე ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში მიიღება. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიკურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. შესაბამისად, მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით, მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, ეკონომიკის სამინისტროში მიიღება ეს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ამაში, მე არ ჩავერევი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021-2025 წლებში იგი სსე-ის დირექტორი იყო იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020-2021 წლებში იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2019-2020 წლებში შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მოქმედი დირექტორი, დავით ვარდიაშვილი შეცვლის. 2016-2017 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2017-2018 წლებში კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.