წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე გამოძახების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან, საზღვარგარეთ ყოფნა ან უწყების ჩაბარებაზე უარის თქმა სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზეზი ვეღარ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 4 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 5 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 6 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
საქართველოს თავდაცვის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ფიზიკურ უწყებასთან ერთად, კანონიერ ძალას იძენს ელექტრონული შეტყობინებები (SMS, ელ.ფოსტა) და უწყების საჯაროდ გამოქვეყნება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, 2026 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის 5800 პირი უნდა გაიწვიონ. გაწვევის მესამე ეტაპი 1-ელი ოქტომბრიდან, ხოლო მეოთხე 1-ელი დეკემბრიდან დაიწყება.
წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და გასაწვევად გამოძახება შემდეგი თანმიმდევრობით განხორციელდება:
საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით: სასწავლებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადასცეს შეტყობინება მასთან რეგისტრირებულ ან ჩარიცხულ პირს.
ელექტრონული კომუნიკაციით: გამოძახება შესაძლებელია SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით. ფაქტი უნდა დასტურდებოდეს უკუკავშირით ან შესაბამისი აქტით.
ფიზიკური ჩაბარებით: უწყების გადაცემა ხდება პირადად, ხელმოწერით. თუ წვევამდელთან დაკავშირება ვერ ხერხდება, დოკუმენტი ბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.
საჯარო გამოქვეყნებით: თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება (მათ შორის, თუ SMS-ზე ან ელ.ფოსტაზე 2 სამუშაო დღეში არ ფიქსირდება უკუკავშირი), შეტყობინება ქვეყნდება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე. საჯაროდ გამოქვეყნებული უწყება ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.
მას შემდეგ, რაც უწყება ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება, პირს შესაბამის ორგანოში გამოცხადებისთვის 10 კალენდარული დღე ეძლევა.
საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
პირი, რომელიც პროფესიულ სამხედრო სამსახურში იმყოფება და კონტრაქტს შეწყვეტს, ავტომატურად გადაიყვანება 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში (თუ მას არ აქვს გათავისუფლების/გადავადების უფლება ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა). ამ შემთხვევაში კონტრაქტის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა პირს 8 თვით გადაუვადდება. სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება.
თავდაცვის კოდექსში ცვლილებები „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიცირებულია. პარლამენტმა ის 80 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტის მიღებას მხარი არ დაუჭირეს პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრებმა.
