ბოლო 15 დღის განმავლობაში ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს სულ მცირე 544 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ირანში ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს. ირანში 13 დღეა ინტერნეტი გათიშულია, რაც ხელს უშლის ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებას.
HRANA-ს უახლესი მონაცემების მიხედვით, მოკლულია 483 მომიტინგე და 8 ბავშვი, ასევე, სამხედრო/სამართალდამცავი ძალების 47 წევრი. 5 ადამიანი მოკლული იქნა როგორც არაპროტესტანტი მშვიდობიანი მოქალაქე.
სააგენტო წერს, რომ დადასტურებულად დაკავებულების რაოდენობა 10 681-ს შეადგენს.
ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა, ამჟამად შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა რეზა ფეჰლევიმ განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების დროს. ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტს თითქმის 3000 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს თეირანის დიდ ბაზარში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების და ინფლაციის წინააღმდეგ მოვაჭრეების გაფიცვით დაიწყო. HRANA-ს მონაცემებით, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას გაიმართა, მათ შორის 31-ვე პროვინციის 186 ქალაქში.
მომიტინგეები ისლამისტი ფუნდამენტალისტების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანი, შესაძლოა ისე, როგორც არასდროს, თავისუფლებისკენ მიისწაფვის“ და „აშშ მზადაა დასახმარებლად“. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალადობას განახორციელებს, აშშ „ჩაერევა“.
ირანის ხელისუფლებამ აშშ და ისრაელი არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანის მტრებმა ქვეყანაში „ტერორისტები შემოიყვანეს, რომლებმაც მეჩეთებს ცეცხლს უკიდებენ, ბანკებსა და საზოგადოებრივ ობიექტებს ესხმიან თავს“. სატალევიზიო ინტერვიუს დროს ფეზეშქიანმა დასძინა, რომ მთავრობა მზადაა, ხალხს მოუსმინოს და ეკონომიკური პრობლემები გადაჭრას.
