შიმშილობის მე-13 დღეს თბილისში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სადიგოვმა პროტესტის უკიდურეს ზომას საერთაშორისო დაცვაზე მიგრაციის დეპარტამენტის უარის შემდეგ მიმართა. უფლებადამცველების ინფორმაციით, პატიმარს უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრაცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
სადიგოვი იზოლატორში 2 ოქტომბერს, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა რუსუდან მჭედლიშვილმა მოინახულა.
„მისი [სადიგოვის] უარის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვითხოვეთ ციხის სამედიცინო პუნქტში გადაყვანა, ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც ძლიერ გაუარესდა. იგი 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ შიმშილობს, რაც მიგრაციის სამსახურის მხრიდან საერთაშორისო დაცვაზე უარი ეთქვა. ჩვენ პატიმრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს და ციხის ადმინისტრაციას მივაწოდეთ, რათა მოხდეს მისი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და გამოკვლევა, ველოდებით რეაგირებას“, - განაცხადა რუსუდან მჭედლიშვილმა „საქართველოს ამბებთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აფგან სადიგოვს პოლიტიკურ თავშესაფარზე დაცვაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. პატიმარს აზერბაიჯანულ ენაზე შედგენილი დოკუმენტები ჩააბარეს. უფლებადამცველებს გადაწყვეტილების ქართული ასლები აქვთ გამოთხოვილი. მათი ინფორმაციით, დეპარტამენტის არგუმენტია ის, რომ, თითქოს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სადიგოვის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული არადამიანური მოპყრობა, წამება და არ იკვეთება ადამიანის უფლების დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები.
„მიგრაციის დეპარტამენტი ასევე მიუთითებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ შედგენილ დიპლომატიურ გარანტიაზე, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯერჯერობით არ არის. ჩვენ არ ვიცით, ეს დოკუმენტი რა ინფორმაციას მოიცავს. ამასაც გამოვითხოვთ და 16 ოქტომბრამდე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“, - აღნიშნა რუსუდან მჭედლიშვილმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, გამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 2023 წლის დეკემბრიდან ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა, შსს-ს თანამშრომლებმა 3 აგვისტოს დააკავეს. მომდევნო დღეს, სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. სადიგოვის მეუღლე და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში, მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.
ამ თემაზე:
საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს არ გადასცეს
