ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ლაშა ბროლაძეს, უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბროლაძემ სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ იგი 2023 წლის აპრილიდან უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების რიგებში, მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ იბრძვის რუსი სამხედროების წინააღმდეგ. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ფრონტზე გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქემ სამხედრო მომზადება გაიარა და უზრუნველყოფილი იყო ცეცხლსასროლი იარაღითა და სპეციალური აღჭურვილობით.
ამჟამად ლაშა ბროლაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. განაჩენის აღსრულების შემთხვევაში, მას სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოუწევს.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ასეულობით ქართველი მოხალისე იბრძვის. მათ წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ე.წ. სასამართლოები რეგულარულად აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს.
ბოლო წლების განმავლობაში დაუსწრებლად გაასამართლეს ათეულობით ქართველი მებრძოლი და პოლიტიკოსი. მათ შორის არიან ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი და ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი (6 წელი), კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი კობა ხაბაზი (13 წელი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე (6.5 წელი), იურისტი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია (14 წელი). ასევე 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი მირო ვანაძეს, მიხეილ გოგნაძეს, ნური მითაგვარიას, გელა კახაბრიშვილსა და შმაგი დიღმელაშვილს. ზაზა შონიას, რომელსაც „დაქირავებული მებრძოლობის“ გარდა, კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაში მონაწილეობას, საზღვრის უკანონო კვეთასა და „ტერაქტსაც“ ედავებოდნენ, რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 28-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნილ მამუკა გაწერელიასა და ასევე უკრაინის არმიის რიგებში მებრძოლ ნიკოლოზ ბერიანიძეს რუსეთის ე.წ. სასამართლოებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
