უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 26 ოქტომბრის საღამოდან 27 ოქტომბრის დილამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს სულ მცირე 34 დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
მოსკოვის ორი აეროპორტი, დომოდედოვო და ჟუკოვსკი, ღამით დროებით დაიხურა. თავდასხმის შედეგად დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის თავზე ღამით 193 დრონი ჩამოაგდეს. 47 დრონმა ბრიანსკის ოლქს, 42-მა კალუგის, ხოლო 40-მა მოსკოვის ოლქს შეუტია. დრონები შენიშნეს კიდევ 10 ოლქში, მათ შორის უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში.
ბრიანსკის ოლქში, როგორც რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა თქვა, სოფელ პოგარში დრონი თავს დაესხა მიკროავტობუსს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა. მძღოლი დაიღუპა, ხუთი მგზავრი კი დაშავდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, რაკიტიანის რაიონში დაიღუპა ერთი და დაშავდა 23 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის სამი ბავშვია.
უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შესახებ განაცხადეს ვოლგოგრადის, ლენინგრადის, ივანოვოს, ვორონეჟისა და პენზას ოლქებშიც. დროებით დაიხურა ვოლგოგრადის, გელენჯიკისა და იაროსლავლის აეროპორტებიც.
რუსეთის მასირებული საჰაერო შეტევა განხორციელდა უკრაინაზე. კიევში სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი, სასწავლო დაწესებულება, სავაჭრო ობიექტები და სატრანსპორტო საშუალებები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დარტყმების სამიზნედ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაასახელა.
