თბილისში, „აფრიკის“ დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლება მიმდინარეობდა, პოლიციამ, ამ დროის მონაცემებით, 17 ადამიანი დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 17-ვე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, პოლიციის დახმარებით, თვალჭრელიძის N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობებიდან მოსახლეობის - მათ შორის, დევნილი ოჯახების - გამოსახლება 24 ივლისს, დილით დაიწყო, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა.
ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა. პოლიციელთა მიერ დაკავების მცდელობის დროს ერთ-ერთი მოქალაქე, მამაკაცი შეუძლოდაც გახდა.
აღსრულების პოლიცია აცხადებს, რომ შენობა-ნაგებობები „სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშია“.
იგივეს ამბობს თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელმაც დღეს უარი თქვა თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე იმ არგუმენტით, რომ შენობები კერძო საკუთრებაა და „დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია“.
„კერძო მესაკუთრეს მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა-ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული. შესაბამისად, საჭიროა მისი გამოთავისუფლება. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხდება მათი გამოყვანა“, - ამბობდა კალაძე.
გამოსახლების თაობაზე სასამართლოს კომპანია „ბლექ სი ფროფერთიმ“ მიმართა. მოქალაქეთა ნაწილი, ვინც წლებია ამ შენობებში ცხოვრობს, ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს.
