ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრი და ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ანდღულაძე დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება ედება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 15 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა, ნატო გოგელიას პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა.
„აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ, ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
მამუკა ანდღულაძე ერთ-ერთია „ალტ-ინფოს“ წევრებს შორის, რომლებმაც 14 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. გოგელიაზე თავდასხმამდე მამუკა ანდღულაძემ გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ არსებული ევროკავშირის დროშის მოხსნაც სცადა, თუმცა დაცვის პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
მამუკა ანდღულაძე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) არის დაკავებული. დანაშაულებისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წელს, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით 12 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც სამსახურში აცხადებენ, სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო.
