სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო და თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია. გუშინ 19 ცხედარი გადავასვენეთ პროზექტურაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კი ვიპოვეთ მეოცე ცხედარიც. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს მუშაობს“, - განაცხადა შს მინისტრმა, გეკა გელაძემ.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მეოცე ცხედარი „სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ნამსხვრევებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად“ იპოვეს.
თვითმფრინავი C-130, რომლის ბორტზეც 20 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, 11 ნოემბერს, 13:15 საათზე, აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტიდან აფრინდა. აფრენის შემდეგ, 13:50 საათზე, რადიოკავშირი დამყარდა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ დროის შემდეგ თვითმფრინავთან რადიო და რადარის კავშირი გაწყდა.
„14:34 საათზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი თვითმფრინავი ჯერ კიდევ უცნობი მიზეზით ჩამოვარდა“, - განაცხადეს სამინისტროში.
თვითფრინავმა კატასტროფა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა.

დღეს, 13 ნოემბერს, თურქეთის თავდაცვის უწყებაში დაადასტურეს, რომ სამხედრო თვითმფრინავს F-16 გამანადგურებლების ტექნიკური პერსონალი გადაჰყავდა. ისინი აზერბაიჯანში 8 ნოემბერს გამართულ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ.
„ჩვენს თვითმფრინავს პერსონალი და თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურების აღჭურვილობა გადაჰყავდა. ბორტზე არანაირი საბრძოლო მასალა არ იყო“, - განაცხადეს სამინისტროში.
საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩარტული, როგორც ქართული, ისე თურქული მხრიდან. როგორც გეკა გელაძემ თქვა, „გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა“.
„ინციდენტის მიზეზი საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ გაირკვევა“, - განაცხადეს თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში. ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია შავი ყუთიც.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საუდის არაბეთისგან 2012 წელს შეიძინეს და ტექნიკური მომსახურების პროცედურების გავლის შემდეგ, 2014 წელს, თურქეთის საჰაერო ძალების შეიარაღებას დაემატა. მოგვიანებით, მას მოდერნიზაციას ჩაუტარდა და 2022 წლიდან ექსპლუატაციაში იყო. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისი ბოლო გეგმიური ტექნიკური მომსახურება 12 ოქტომბერს ჩატარდა.
მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, თურქეთმა სხვა C-130 თვითმფრინავები გააჩერა. მათი ფრენა დეტალური ტექნიკური შემოწმების დასრულების შემდეგ განახლდება.
