თურქეთის თვითმფინავის ჩამოვარდნის ადგილზე 18 ცხედარია ნაპოვნი, სამძებრო სამუშაოები გრძელდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ნაპოვნია 18 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, 2-ის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა (გეკა) გელაძემ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. 18 მათგანი ნაპოვნია და, სამწუხაროდ, დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებებში.

მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას დეტალებზე“, – განაცხადა გელა გელაძემ.

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი C-130, გელაძის თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გუშინ, 11 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე აფრინდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კილომეტრში კატასტროფა განიცადა.

თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილი C130 სატვირთო თვითმფრინავი

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-ს თანახმად, თვითმფრინავი განჯის აეროპორტში წინა დღეს, 10 ნოემბერს, დაეშვა და იქ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დარჩა, ეკიპაჟს არც თვითმფრინავი დაუტოვებია და არც აეროპორტის ტერიტორია.

სააგენტოს ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც F-16 გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ. F-16-ებმა 8 ნოემბერს, ბაქოში გამართულ მასშტაბურ სამხედრო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. აღლუმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრებოდა.

APA-ს წყაროს თანახმად, განჯის აეროპორტიდან C-130-ის აფრენამდე ჩატარდა ყველა საჭირო პროცედურა და შემოწმება უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით, რასაც აეროპორტის სათვალთვალო კამერებიც ადასტურებს.

„ბორტზე არ იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები - მხოლოდ F-16 თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები“, - ციტირებს სააგენტო წყაროს.

APA-ს თანახმად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დიდი ხნის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში, კაპიტალური რემონტი კი ბოლოს 2020 წელს ჩაუტარდა.

„C-130-ის კორპუსზე გარე ზემოქმედების ელემენტების არარსებობა გამორიცხავს მისი ჩამოგდების შესაძლებლობას. მაშინაც კი, თუ აფეთქება შიგნით მოხდებოდა, აფეთქების ტალღის კვალი კორპუსზე ნამდვილად დარჩებოდა“, - აღნიშნავს APA-ს წყარო.

გამოცემა წერს, რომ წინასწარი გამოძიება იძლევა საფუძველს, ყურადღება ორ ვერსიაზე გამახვილდეს: ტექნიკური გაუმართაობა და ტვირთის არასწორად დამაგრება.

თურქეთის ეროვნულმა თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი დადგინდება საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული დეტალური გამოძიების შედეგად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.