ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ევროპა აშშ-ის დახმარების გარეშე ვერ შეძლებს თავის დაცვას. ამის შესახებ მან 26 იანვარს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების შეხვედრაზე განაცხადა. რუტემ აშშ-ის ბირთვულ ქოლგას ევროპის თავისუფლების მთავარი გარანტი უწოდა და წარმატებები უსურვა მათ, ვინც მის პოზიციას არ იზიარებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„თუ აქ ვინმე ფიქრობს, რომ ევროკავშირს, ან მთლიანად ევროპას, შეუძლია დაიცვას თავი აშშ-ის გარეშე, გააგრძელეთ ოცნება. თქვენ არ შეგიძლიათ. ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება“, – განაცხადა რუტემ.
მარკ რუტემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-საც სჭირდება ნატო და ნატოს წევრია, მათ შორის, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის.
„არქტიკის რეგიონი ამის დასტურია, მათ უსაფრთხო არქტიკა სჭირდებათ. მათ უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცე და ასევე უსაფრთხო ევროპა სჭირდებათ. ამგვარად, აშშ-ს ყველა მიზეზი აქვს, იყოს ნატოს წევრი, ისევე როგორც კანადას და ნატოს ევროპელ მოკავშირეებს“, – განაცხადა გენმდივანმა.
რუტეს თქმით, თუ ევროპას ნამდვილად სურს „დამოუკიდებლად მოქმედება“, მაშინ თითოეული ქვეყნის თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს არა მშპ-ს 5%-მდე, როგორც ამაზე ნატოს წევრები 2025 წლის ივნისში შეთანხმდნენ, არამედ 10%-მდე.
„უნდა გახსოვდეთ, რომ 5%-ით ვერასდროს მიაღწევთ თქვენს მიზანს. თქვენ გჭირდებათ 10%. თქვენ უნდა განავითაროთ საკუთარი ბირთვული პოტენციალი. ეს მილიარდობით და მილიარდობით ევრო ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ წააგებთ. თქვენ დაკარგავთ ჩვენი თავისუფლების მთავარ გარანტიას - აშშ-ის ბირთვულ ქოლგას. ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, რომ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდა არასდროს მოხდებოდა.
რუტემ ასევე გააკრიტიკა ერთიანი ევროპული თავდაცვის ძალების შექმნის იდეა. ასეთი გაერთიანების შექმნა, მისი თქმით, მრავალრიცხოვან დუბლირებად სტრუქტურებს შექმნის, რაც სიტუაციას გაართულებს: „წარმატებებს გისურვებთ, თუ ამის გაკეთება გინდათ, რადგან ფორმიანი ქალებისა და კაცების პოვნა მოგიწევთ, რაც არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს და საქმეს კიდევ უფრო გაართულებს. ვფიქრობ, პუტინს ეს მოეწონება. ასე რომ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით“.
