ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები მიუღებელია და თუ ის გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის განხორციელებას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, აშშ დამატებით სანქციებს დააწესებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
კარპენტერმა ეს განცხადება ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად. დეკანოიძემ მას ჰკითხა, განიხილავს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია არჩევნებამდე „აქტიურ ზომებს“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, „ვინც მართლა იტაცებს ქართველი ხალხის ნებას“.
„ის, რასაც ამჟამად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს, არის ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან საქართველოს 180 გრადუსით დაშორება.
თუ ისინი გააგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრის, ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის, „უცხოელი აგენტების“ კანონის იმპლემენტაციის გზას და თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მალე ვერ შევლენ ნატოში ან ევროკავშირში და ჩვენ გავაგრძელებთ ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა ჩვენი სავიზო პოლიტიკა და გლობალური მაგნიტსკის სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს შედეგებს მათთვის, ვინც არღვევს დემოკრატიულ ნორმებს.
არ შეიძლება ამხელა უფსკრული იყოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისკენ მისწრაფებებსა და იმას შორის, რასაც ხელისუფლება ამჟამად აკეთებს. მინდა ვიყო აბსოლუტურად მკაფიო - მიუღებელია რასაც ადგილზე ვხედავთ“, - თქვა კარპენტერმა.
მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს საქართველოს მმართველმა პარტიამ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი ე.წ. „აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, ხოლო აშშ-მა საქართველოსთან თანამშრომლობის „ყოვლისმომცველი გადახედვა“ დაიწყო.
შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს 90-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ პირებს. გარდა ამისა, ხაზინის დეპარტამენტმა დაასანქცირა და „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა ხელისუფლების ორი მოქმედი მაღალჩინოსანი, ასევე პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ორი ლიდერი. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ს შემუშავებული აქვს სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც.
