პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„არავის არ აქვს არანაირი მორალური უფლება, არანაირი არგუმენტი, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათობით ახალგაზრდა და მათ შორის, მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ეს არის ჩემი პოზიცია. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ და მათთვის უცხოა ეს ყველაფერი. ამიტომ სწრაფი წესით წარმიდგინეს ბრალი“, – თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ.
ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი მოელიდან, რომ ამ შემთხვევაშიც გირაო იქნება მოთხოვნილი.
„იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისგან და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ“, – თქვა ოქრუაშვილმა.
პროსამთავრობო ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის ინფრომაციით, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედ კომისიას ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თავდაცვის მინისტრი 2004-2006 წლებში იყო, დაბარებული ჰყავდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2004-2008 წლებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
„ოქრუაშვილმა დაკითხვისას ცალსახად განმარტა, რომ წულუკიანის ხელმოწერა არ არის დამავალდებულებელი დოკუმენტი. ეს უნდა ყოფილიყო კომისიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. მას დღემდე არ ჩაბარებია ასეთი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობაც ექნებოდა ადმინისტრაციული წესით და შესაძლოა, სასამართლოს საერთოდ გაეუქმებინა. თუმცა, ეს დოკუმენტი რომც ჩაბარებოდა, მან ნათლად განმარტა მიზეზები, რის გამოც არ მივიდოდა“, – აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.
სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პროკურატურამ აღნიშნული მუხლით ბრალდება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც წარუდგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-50 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
