„ქართული ოცნების“ პარლამენტის ე.წ. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობას „იკვლევდა“, დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის მუშაობა შეაჯამა და დასკვნის პროექტი წარადგინა. მისი თქმით, გამოჰკითხეს 139 პირი, ჩაატარეს 46 სხდომა და ერთი გასვლითი შეხვედრა ხონის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, 430-გვერდიანი დოკუმენტი დაეფუძნა გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, რომელიც მოცემულ პერიოდში გამოიცა.
„ეს დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა - და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას ახალგაზრდები გაეცნობიან - ნახავს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში [...] ასევე,
იმედი მაქვს, რომ მოცემული დოკუმენტი შესაბამისს საგამოძიებო ორგანოებს გამოადგება სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამისს სასამართლოებს,
თუ რატომაც არა, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი და ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის საკუთარი სამშობლოსა და სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიყენონ. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, სხვა შორის, არსებობენ და გაძლიერება სჭირდებათ, ეს მასალა გამოადგებათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომისიის თავმჯდომარემ დასკვნის სტრუქტურაზეც ისაუბრა. დოკუმენტი ცალკეული თავებისგან შედეგება:
„...თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელაღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას - ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი აქ ყველა მასალა; თავი, რომელიც ეძღვნება მკვლელობებსა და ძლადობას ჩადენილს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ; თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს; ცალკე თავია გამოყოფილი მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორისა და მათი უფლებების დარღვევისთვის. ასევე, არის გასაგები მიზეზების გამო შედარებით ნაკლები მოცულობის თავი, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალქეების პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს.
ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომლებიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ, ახნა-განმარტებების შედეგად - იქნებოდნენ ესენი გენერლები თუ სხვა პირები, მსხვერპლები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით; რასაკვირველია თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, რომელიც ეძღვნება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს და ეს არის 2012 წლიდან დღემდე, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი“, - განაცხადა წულუკიანმა.
ე.წ. საგამოძიებო კომისია დასკვნის პროექტს დღეს უყრის კენჭს და დაამტკიცებს, თუმცა დოკუმენტი დღესვე არ გასაჯაროვდება.
„ხვალ, 5 აგვისტოს ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება, შემდეგ ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო ბიურო როცა საჭიროდ ჩათვლის, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში პლენარულ სხდომას ჩანიშნავს, რომელზე ჩვენ, კომისია ამ დასკვნით წარვდგებით. ეს, ჩვენი ვარაუდით, იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში. სწორედ მაშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა, უფრო მეტიც, იქნება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა, ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა ეს დასკვნა უნდა მოისმინოს და სანამ საქართველოს პარლამენტი არ მოისმენს ამ დასკვნას, ბუნებრივია, მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან მსჯელობას ამ დასკვნაზე“, - აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანი გამოვიდა ინიციატივით, დასკვნა დაიბეჭდოს და წიგნის სახით გამოიცეს, ასევე ინგლისურ ენაზე ითარგმნოს.
კომისიის დასკვნითი სხდომის პარალელურად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა. პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წულუკიანის კომისიის საქმიანობა შეაფასა როგორც „საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობა“. მისი თქმით, კომისია „მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის - მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას“.
„ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია, რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად. ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არა მხოლოდ, მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი - თეა წულუკიანი, დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
დიახ, თითოეული წევრი ღალატის კომისიის აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე, ქართველი ხალხის მოტანილი ცვლილებების შედეგად მოხდება, რომელსაც დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით მოვიტანთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. დაახლოებით ორ თვეში, კომისიის მანდატი გაფართოვდა და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შესწავლა მოიცვა. კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები და ყოფილი თანამდებობის პირები: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.
