წულუკიანი სააკაშვილის მიერ გაცემული „ჯილდოების საკითხის გადასინჯვას“ ითხოვს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენისას, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 2004-2013 წლებში, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული საპრეზიდენტო ორდენების საკითხი უნდა „გადაისინჯოს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კომისიამ დაადგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებისას. ამიტომაც ძალადობა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ისიც, რომ მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც წინამდებარე დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკასვილმა არაერთი პირი, ვინც თავად სჩადიოდა წამებას ან არადამიანურ მოპყრობას, ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. მოცემულ პირთა გვარ-სახელები და მათთვის გადაცემული ჯილდოების ნუსხები მოემულია დასკვნაში.

საგამოძიებო კომისია თვლის, რომ უნდა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი იმ პირების შემთხვევაში, რომლებსაც ადამიანების წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი“, - განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მან თქვა, კომისიამ „დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური, ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში, კი მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება“.

„ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. დაახლოებით ორ თვეში, კომისიის მანდატი გაფართოვდა და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შესწავლა მოიცვა.

კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები და ყოფილი თანამდებობის პირები: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.

თეა წულუკიანი გამოვიდა ინიციატივით, კომისიის დასკვნა წიგნის სახით გამოიცეს და ინგლისურ ენაზეც ითარგმნოს.

 

ამ თემაზე:

გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.