წულუკიანი 2008 წლის ომზე: გარე ძალების დახმარების იმედით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა. როგორც წულუკიანმა თქვა, კომისიამ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საზიანო ნაბიჯები 2004 წლიდანვე გადადგეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, „2004 წლიდანვე გაუქმდა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული ყველა პირის ერთსულოვანი მოსაზრებით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას ასრულებდა. ასევე,  ცხინვალის რეგიონში დაიხურა ეუთოს ეგიდით მიმდინარე ჯანდაცვის, სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული არაერთი პროგრამა, რაც რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და ოსების ერთიანობისთვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა“.

„2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა ამის შესახებ წუხილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც გამოხატავდა, რაც მან თავის მემუარებში აღწერა კიდეც.

2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშილის კაბინეტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს მიხეილ ქარელს, რომელიც კომისიამ გამოჰკითხა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც, შეთანხემბული იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას პირდაპირ უთხრა: ამერიკელები მიხედავენ რუსებს. ეს ხდებოდა 2004 წლის ზაფხულში.

კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც 2004 წლიდან მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კიდევ მეტად დამძიმებისკენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ ძალის გამოყენებაზე ჯერ კიდევ 2004 წლიდან სერიოზულად ფიქრობდა, ამის დასტურია თავდაცის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის 2004 წლის 13 სექტემბრის ინტერვიუც, სადაც მან აღნიშნა, რომ  ცხინვალის რეგიონზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენა რამდენიმე თვის ამბავი იყო. მოგვიანებით მან ისიც თქვა, რომ 2007 წლის ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდნენ.

2007 წლის 8 მაისს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომოური ოლქის ტერიტორიაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 1991 წელს გაუქმებული, საბჭოთა კავშირისდროინელი ავტონომიური ოლქის აღდგენისკენ მიმართული ეს ნაბიჯი სავალალო აღმოჩნდა, რადგან სრულიად მშვიდობიანი და 1990-იანი წლებიდან, 1992 წლიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში, რაც საბოლოოდ რუსეთმა საქრათველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის, 2008 წელს გამოიყენა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა.

„საკუთრივ 2008 წლის ომის დღეებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის ორმა კონკრეტულმა პირმა: თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც არავითარი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო, ოპერატიულ, დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა.

სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში, პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზს, რაც როგორც გენერალ მამია ბალახაძის ახსნა-განმარტებიდანაც გამოირკვა, დღემდე არ განხორციელებულა.

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან - გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი ბალახაძე, შს მინისტრ, ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა და სხვები - ამ პირთა ახსნა-განმარტებების შედეგად,

ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს.

ამასთან, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებული პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე, ანუ ცხინვალზე, როგორც ისინი უწოდებდნენ, სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია.

გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წამყვანი და პასუხისმგებელი და თავდაცვის სამინისტრო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დამხმარე, ასეთ პირობებში, გაურკვეველი დარჩა ვინ იძლეოდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში, მისი თქმით, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული. თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოჰკითხა სანაკოევი, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ის დაიბარა 2008 წლის 7 აგვისტოს 17:00 საათზე, თავისთან და უთხრა, არ იყო გამორიცხული, რომ იმ საღამოს ის ანუ მიხეილ სააკაშვილი ცხინვალზე შეტევას დაიწყებდა. ამაზე სანაკოევმა უპასუხა, რომ ეს იყო ის, რასაც რუსები ელოდნენ. სააკაშვილმა ის დაამშვიდა და უთხრა, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საომარ მოქმედებებს „პიარ კამპანიად“ აღიქვამდა და ღია ეთერით გადასცემდა ქართული ჯარის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას, რითაც „მტერს ცეცხლის კორექტირების საშუალებას აძლევდა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადმა მედიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა კატასტროფული შედეგების მქონე წაგებული ომის გამარჯვებად გასაღებაში. ზემოთ მოყვანილმა და სხვა გარემოებებმა ერთობლიობაში განაპირობა 3-დღიანი ომი, მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე სამოქალაქო მოსალხეობაში და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს შეემატა 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი და რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული კოდორის ხეობაც. „ახალგორი, როგორც უკვე ითქვა, ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციის შედეგად ასევე იქნა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ეს ოკუპაცია სწორედ სააკაშვილის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა გააადვილა“, - თქვა წულუკიანმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.