თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელსაც დღეს, თსუ-ში, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერის გაშლის გამო დაუპირისპირდნენ და სცემს, ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შეიარაღებულმა პირებმა მიაკითხეს და მისი პირადი მონაცემების შეგროვებას ცდილობდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში მამაკაცი დააკავეს. ადგილზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალიდანაც ჩანს, რომ მას შარვალში პისტოლეტი ედო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, ვინ არის ის და დაიწყო თუ არა გამოძიება.
„ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კართან ახლოს ვიწექი და მესმოდა, რომ იკითხეს, ლუკა შველიძე რომელიაო. ვკითხე, ვინ იყვნენ, რატომ იღებდნენ ჩემს პირად მონაცემებს. მათ რომ ეთქვათ, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ინციდენტთან დაკავშირებით გამოგზავნეს, გასაგები იქნებოდა. არა, არაფერი არ ხდებაო, სხვა რაღაცას ვაკეთებთო და მიდიოდნენ. კათეტერით გამოვეკიდე რომ გადამეღო, ვინ იყვნენ.
არ ვუშვებდი და ეზოში ჭიდაობა წავიდა, იარაღისკენ წაიღო ხელი, დამემუქრა, ხელს თუ არ გამიშვებ, დაგაკავებ, გესვრიო. სახელსა და გვარს არ ამბობდა. თუ სამართალდამცველი იყო, რატომ მოვიდა სამოქალაქო ფორმით? რატომ იყო მთვრალი?
საპატრულო პოლიცია ჩვენ გამოვიძახეთ და სანამ არ მოვიდა, იქამდე ვეჭიდავებოდი იმ ადამიანს რომ არ გაქცეულიყო. მეორე გაიქცა და გზის იქიდან აკვირდებოდა ყველაფერს, ფოტოებს იღებდა“, - განაცხადა ლუკა შველიძემ მედიასთან.
ლუკა შველიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოხვდა. მას და კიდევ რამდენიმე სტუდენტს ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, რისი საშუალებაც უნივერსიტეტში მყოფმა, მათთვის უცნობმა პირებმა არ მისცეს. „წაგვართვეს პლაკატები. აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და რტყმა დაგვიწყეს, კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო. მერე მოვიდნენ, როცა გვცემეს. ეს ხალხი სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის მიერ მოყვანილები“, - ამბობდა შველიძე.
თსუ-ში მმართველი პარტიის პოლიტიკა გასულ შაბათსაც გააპროტესტეს, როდესაც ლექციიდან გამოსულ კობახიძეს კიბიდან რუსული რუბლები გადააყარეს. ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ ეს ორიენტაციაარეულმა, დასაოჯახებელმა ახალგაზრდებმა გააკეთეს: „ეს ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ იდგნენ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაში არ არის მათი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე. საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები - დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ.“, - აღნიშნა კობახიძემ 10 ივნისს.
დღეს თსუ-ში შეკრებული სტუდენტები ირაკლი კობახიძისგან ამ განცხადებების გამო ბოდიშის მოხდასაც ითხოვდნენ.
