ცხინვალის რეჟიმმა, 6-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ივანე ილურიძე გაათავისუფლა

ივანე ილურიძე უკანონოდ 2023 წლის ივნისშიც დააკავეს და ოქტომბრის ბოლოს გაათავისუფლეს / არქივის ფოტო

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ივანე ილურიძე. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (კგბ) გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცნობილი ხდება, რომ ივანე ილურიძე უკანონოდ 2025 წლის 9 აგვისტოს დააკავეს, რის შემდეგაც ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის 1-ელი ნაწილით - „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“.

„დადგენილია, რომ აღნიშნულმა უცხოელმა, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან ლენინგორის რაიონში, ახმაჯის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე. სამშაბათს, სასჯელის ვადის ამოწურვის გამო, ილურიძე გათავისუფლებული იქნა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ქართულ მხარეს გადაეცა“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალებმა ივანე ილურიძე იგივე ბრალდებით ოკუპირებულ ახმაჯთან 2023 წლის ივნისშიც დააკავეს. მაშინ მან ცხინვალის ციხეში თითქმის 5 თვე გაატარა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.