ციხეში ლაშა ბუღაძის წიგნის, „დამკვირვებლის“ შეტანა აკრძალეს

რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მწერალ ლაშა ბუღაძის რომანის, „დამკვირვებლის“ შეტანა აკრძალეს. წიგნი, რომელიც 2025 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფ ნანა სანდერს გაუგზავნეს, ადმინისტრაციამ ადრესატს არ გადასცა და მიზეზად ტექსტის „პოლიტიკური შინაარსი“ დაასახელა. ავტორი და ორგანიზაცია „პენ-საქართველო“ მომხდარს ცენზურის საგანგაშო შემთხვევად აფასებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ინფორმაცია სოციალურ ქსელში „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ გაავრცელა:

„მოკლედ, ასეთი ამბავია: ნანა სანდერთან არ შეგვატანინეს ლაშა ბუღაძის ბოლო წიგნი „დამკვირვებელი“, რომელიც დისტოპიური ჟანრის რომანია საქართველოს შესაძლო მომავალზე. პასუხი იყო - „პოლიტიკურია“. ვიწყებთ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. ვნახოთ, იწყება თუ არა ლიტერატურის ცენზურა ციხესა და სასამართლოში. ჯერ წერილობით მოვითხოვთ დასაბუთებულ უარს“.

ლაშა ბუღაძის წიგნში აღწერილია ქვეყანა, რომელსაც დესპოტი თითქმის ნახევარი საუკუნე მართავს. ცენტრალური სიუჟეტური ხაზი „არჩევნების არჩევნების“ გარშემო ვითარდება, რომელიც ქვეყანაში მოულოდნელად ინიშნება. ამ პროცესით მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს უმთავრესი საკითხი - სურთ თუ არა საერთოდ, რომ მათ ქვეყანაში არჩევნები იმართებოდეს.

„ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, გაჩნდა შეკითხვა: ეს უშუალოდ ბადრაგის გადაწყვეტილება იყო, ასეთი განსაზღვრება მიეცა მხატვრული ტექსტისათვის, თუ ზოგადად არსებობს რაიმე ტიპის სია - აკრძალული ავტორების ან აკრძალული წიგნების? საერთოდ ვინ განსაზღვრა და ვინ მიანიჭა ამ ტიპის ეპითეტი ტექსტს? რას ნიშნავს „პოლიტიკურია“, როცა მხატვრულ ტექსტზე ვლაპარაკობთ? გამოდის, ვიღაც აფასებს ამ ტექსტს ისე, რომ გაჩნდეს საფუძველი, არ წაიკითხოს ის ადამიანმა“, - აღნიშნა ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მწერალი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა არა უშუალოდ ტექსტი, არამედ ავტორის სამოქალაქო პოზიცია და პროტესტში მისი ჩართულობაა.

„სწორედ ესაა მათთვის რეალური პრობლემა, თორემ პოლიტიკური ტექსტი, შესაძლოა, იყოს ოთარ ჭილაძის „აველუმიც“ და ოთარ ჩხეიძის „ბორიაყიც“...

ეს არის მკაფიო პოლიტიკური ცენზურა, რაც ჩვენამდე გაიარა რუსეთმა, როცა ბიკოვის, სოროკინისა და აკუნინის წიგნები აკრძალა და სახიფათოდ ჩათვალა. ეს ტენდენცია უკვე გულისხმობს რეჟიმის სურვილს, რომ რაღაცები ისევ და ისევ ამ ფორმით აკრძალოს.

არავის აქვს უფლება, აუკრძალოს ადამიანს კითხვა“, - განაცხადა მან.

„პენ-საქართველოს“ შეფასებით, ციხეში „დამკვირვებლის“ აკრძალვა ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის მცდელობაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება როგორც წიგნის შინაარსს, ისე ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობას. „მხატვრული ლიტერატურის ცენზურა, როგორც გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

იურისტებისა და უფლებადამცველების განმარტებით, საქართველოს პენიტენციურ კოდექსში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მსჯავრდებულისთვის მხატვრული ლიტერატურის მიწოდებას კრძალავს. კანონი ზღუდავს მხოლოდ ისეთ მასალებს, რომლებიც შეიცავენ ძალადობის პროპაგანდას, კრიმინალური სუბკულტურის პოპულარიზაციას, პორნოგრაფიას ან შუღლის გაღვივებას.

როგორც ირკვევა, „დამკვირვებელი“ არ არის ერთადერთი გამოცემა, რომელმაც ციხეში ვერ შეაღწია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირებს ირაკლი კაკაბაძის („იაკი კაბე“) „მოქალაქის“ და ლევან ბერძენიშვილის „ერთი კაცის ისტორიის“ წაკითხვის უფლებაც არ მისცეს.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიცაა დროებითი მოთავსების იზოლატორები, აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.