საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა იმ სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა ბლოკირება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა. აღნიშნულ ნუსხაში შეტანილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
აგვისტოში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობათან სამმეტრიანი რკინის ღობე აღმართეს, შენობის შიგნით კი მანდატურის სამსახური შემოიღეს, რაც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მოტივით ახსნა. ამასთან, ოქტომბერში, პრემიერ-მინისტრ კობახიძის განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის დამტკიცდა.
- 222-ე მუხლის მიხედვით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად თუ არაერთგზის, სასჯელის სახით, ორ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე მუხლი ტერორისტული მიზნით სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას ეხება, რაც უფრო მძიმე დანაშაულია და 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის“ სტატუსი სულ 33 ობიექტს მიენიჭა. ცესკოს გარდა, ნუსხაში მოხვდა მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პროკურატურის სისტემის, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები, ასევე საქართველოს საპატრიარქო და აეროპორტების ტერიტორია.
