კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია – „გლობალ ცბს“, „კონცეპტ ფარმა“, „რიჩ გრუპი“ და „გეა“, ჯამში, 559 358 ლარით დააჯარიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
სააგენტოს განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ოთხი კომპანია დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა, რაც მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. სააგენტოს პოზიციით, ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
„მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები, მათ შორის, ოქროს სამკაულები; კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა“, - აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიები შემდეგ მედიკამენტებზე დაწესებული ფასების გამო დაჯარიმდნენ:
- შპს „გლობალ ცბს“: მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10. ჯარიმის მოცულობა - 249 144 ლარი;
- შპს „კონცეპტ ფარმა“: მედიკამენტი - ფლოქაზოლი. ჯარიმის მოცულობა - 21 646 ლარი;
- შპს „რიჩ გრუპი“: მედიკამენტი - ზინასენი. ჯარიმის მოცულობა - 77 936 ლარი;
- შპს „გეა“: მედიკამენტები - ბისეპტოლი 120 მლ. ბისეპტოლი 480 მლ. ჯარიმის მოცულობა - 210 632 ლარი;
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დადგენილიყო, იყო თუ არა მაღალი ფასნამატები (300-3000%-მდე) გამოწვეული ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან არაკონკურენტული ქმედებებით.
სააგენტოში განმარტავენ, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. „დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
