ცაჰკნა: საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას არასდროს დავივიწყებთ და არც ოდესმე ვაღიარებთ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„17 წლის წინ, დღეს, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა თავისი აგრესიულობა და იმპერიულ წარსულზე ჩაჭიდების სურვილი ნათლად აჩვენა.

დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს.

საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას არასდროს დავივიწყებთ და არც ოდესმე ვაღიარებთ“, - წერს სოციალურ ქსელ X-ში ესტონეთის საგარეო საქმეტა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.

განცხადება გაავრცელა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმაც. მისი თქმით, აგვისტოს ომი რუსეთის იმპერიოული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო.

„17 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც მისი ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციითა და ნატო-ს გაფართოების შეჩერებით დასრულდა. ეს რუსეთის იმპერიული ომების კიდევ ერთი ეტაპი იყო, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, კრემლისთვის წარმატებით დასრულდა და უკრაინაზე თავდასხმის ნიადაგი მოამზადა“, - წერს მიხელსონი X-ზე.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„დღეს ლატვია იხსენებს 17 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ უკანონო თავდასხმას ვგმობთ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხის უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი“, - წერია განცხადებაში.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებით, საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

„დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა.

ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ამ დღეს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც.

ხუთდღიანი ომის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.

12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს რუსეთი დღემდე არ ასრულებს და უარს ამბობს საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანაზე.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ომის დაწყების თარიღად 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს და ომის დაწყებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.