ტრამპის თქმით, ზელენსკის ომის დაუყოვნებლივ დასრულება შეუძლია. ზელენსკი ამბობს, რომ ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია რუსეთთან ომი „თითქმის დაუყოვნებლივ“ დაასრულოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატოში ვერ შევა. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება!!!“- წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ტრამპმა ასევე დაწერა, რომ 18 აგვისტო თეთრ სახლში „დიდი დღეა“: „არასდროს ამდენი ევროპელი ლიდერი ერთდროულად არ შეკრებილა. მათი მასპინძლობა პატივია!!!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ მას, ტრამპს და ევროპელ ლიდერებს ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება თანაბრად სურთ. მისი თქმით, მშვიდობა „გრძელვადიანი“ უნდა იყოს.

„არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა, ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - დაეთმო და პუტინმა ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა, ან როდესაც უკრაინას 1994 წელს თითქოს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამან არ იმუშავა. რა თქმა უნდა, მაშინაც ყირიმის დათმობა არ იყო საჭირო, ისევე როგორც 2022 წლის შემდეგ უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა, ხარკოვი.

რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი, ამერიკისა და ევროპელი მეგობრების გაერთიანებული ძალა რუსეთს რეალურ სამყაროში დაბრუნებას აიძულებს“, - წერს ზელენსკი.

დღეს, 18 აგვისტოს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ევროპელი ლიდერები - გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორდა მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები.

დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა მოთხოვნები წამოაყენა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 15 აგვისტოს, ალასკაში გამართულ მოლაპარაკებებზე. მათ შორისაა უკრაინული ჯარების გაყვანა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებიდან. საპასუხოდ, პუტინი მზადაა გაყინოს ფრონტის ხაზის დარჩენილი ნაწილი, რაც რუსეთის კონტროლის ქვეშ დატოვებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ნაწილებს. როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რუსეთის პრეზიდენტი მზად არის უკრაინას დაუბრუნოს სუმისა და ხარკოვის რეგიონების ოკუპირებულ ნაწილებზე კონტროლი. „როიტერის“ ცნობით, ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკიმ უარი თქვა დონბასიდან ჯარების გაყვანაზე. Financial Times-ი წერს, რომ რუსეთისთვის დონბასის გადაცემაზე უარის მიუხედავად, ზელენსკი „ღიაა ტრამპთან ტერიტორიული საკითხის განსახილველად“.

Axios-ისა და CNN-ის ცნობით, თუ ზელენსკისთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ტრამპს სურს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით სამმხრივი სამიტი უკვე პარასკევს, 22 აგვისტოს ჩაატაროს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.