აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური ზომები გამოაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება „ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“. ამჯერად ტრამპის მთავარი სამიზნე ის მესამე ქვეყნები გახდნენ, რომლებიც თეირანთან ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას მოჰყვა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა ხელიდან გაუშვა შეთანხმების მიღწევის შანსი, რის გამოც ქვეყანა უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომისა და იზოლაციის წინაშე აღმოჩნდება.
პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ირანთან სავაჭრო ან ფინანსურ ურთიერთობებს აგრძელებს:
„მათი [ირანის] საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, ვალუტა გაუფასურებულია, ქვეყანა კი ბეწვზე ჰკიდია...
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს მისცემს უფლებას, ირანს სასიცოცხლო დახმარება გაუწიოს, თავად აღმოჩნდება უმძიმესი შედეგების წინაშე.
ნავთობის კონტრაბანდა, სვოპ-ხაზები, ფულადი გზავნილები და ფიქტიური კომპანიები - ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს.
ეს იქნება უდიდესი ეკონომიკური ოპერაცია და ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე დაუდგეს გვერდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, რათა იზოლაციაში მოვაქციოთ და დავამარცხოთ ირანის საფრთხე. ეს მანიაკები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ეს ისტორიული ზომები საბოლოოდ დააუძლურებს მათ და მოსპობს მათ შესაძლებლობას, გაავრცელონ ტერორი მთელ მსოფლიოში. ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, - წერს ტრამპი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ტრამპის მუქარას მყისიერად უპასუხა და დაანონსებული ზომები ამერიკის შიდა კრიზისიდან ყურადღების გადატანის მცდელობად შეაფასა. სოციალურ ქსელ X-ზე მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მთლიანმა სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
„წარუმატებელ პოლიტიკაზე ფსონის გაორმაგება მხოლოდ შემდგომ მარცხს მოიტანს. აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას“, - განაცხადა არაღჩიმ.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირანის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა სავაჭრო პარტნიორმა რეგიონში, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანთან ყველა ფინანსური კავშირი მოულოდნელად შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება საამიროებმა მას შემდეგ მიიღო, რაც თეირანი თავისი წყლების მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში დაადანაშაულა, თუმცა ირანმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო.
აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ 2026 წლის თებერვალში დაიწყო. აშშ-ს უკვე დაწესებული აქვს ფართომასშტაბიანი სანქციები ირანის ნავთობის, გადაზიდვებისა და ფინანსურ სექტორებზე, რათა შეუზღუდოს თეირანს ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, მოქმედებს საზღვაო ბლოკადა ირანის პორტებზე.
ამ თემაზე:
საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა 510%-ით გაიზარდა
