მთავრობის ინიციატივით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლითაც თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება დასჯადი ხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით და სამართალდარღვევის იარაღიც ჩამოერთმევა.
თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება, თუ მას შესაბამისი სამსახურები უშულოდ უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააფიქსირებენ, ხოლო თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატის დამზადება, შენახვა, გადატანა არ ითვლება სამართალდარღვევად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მაკონტროლებელ ორგანოს ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლაში. „აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბრაკონიერების მიერ თევზჭერის უკანონო იარაღის - ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა ხდება დასჯადი და ამ მიმართულებით შემოდის საჯარიმო სანქცია იარაღის კონფისკაციასთან ერთად“, - აღნიშნა მინისტრმა.
თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატის გამოიყენებით თევზის მოპოვება ბრაკონიერობაა, შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს და ამავდროულად, წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით უშუალოდ ბრაკონიერების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც.
