ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის ქონების დაყადაღებას და დაბრუნებას ითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა, დაყადაღდეს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონება. გურგენიძის თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 22 000 კვ.მ შენობები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ „მიტაცებულია“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არის ეჭვი იმისა, რომ იქ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მიგვემართა. აღნიშნული საკითხი მრავალი წელია შესწავლის საგანია უნივერსიტეტისთვის. რთული იყო ამ დოკუმენტების მოძიება, მაგრამ დიდი შრომა გასწიეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, მოპოვებული იქნა არაერთი მასალა - როგორც ელექტრონული, ასევე 108 ფურცელზეა ფიზიკური მასალა, სადაც მრავალი დოკუმენტია. ეს უკვე ხდება გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანი - ისინი უფრო მარტივად მოიკვლევენ ამ საბუთებს. ვფიქრობთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა მოიძიოს მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გურგენიძემ.

მისი თქმით, ტექნიკური ინივერსიტეტის ქონების „არაკანონიერი დატაცება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ ორი-სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმისთვის, რომ ქონება არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, დავით გურგენიძე მის სასწრაფოდ დაყადაღებას ითხოვს:

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე ვითხოვთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს, პროკურატურამ ამაზე უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანზეა საუბარი“.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრს [დედას, გიული ალასანიას] 1 ლარად გადაეცა. „საინტერესო იქნება ამ საკითხის შესაწვლა. დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ე.წ. ალასანიას უნივერსიტეტისთვის ქონების 1 ლარად გადაცემაზე საუბრობენ. 2023 წელს, „საქართველოს უნივერსიტეტმა“ ეს ინფორმაცია უარყო და განცხადებაში განმარტა, რომ შენობა-ნაგებობები ღია აუქციონზე თითქმის 4 მილიონ აშშ დოლარად იქნა შეძენილი.

„საქართველოს უნივერსიტეტზე“ თავდასხმები 2023 წლიდან, „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ინიცირებისა და ანტისამთავრობო პროტესტის დაწყების შემდეგ გახშირდა. ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ „ფრანკლინის კლუბი“, რომელსაც ის „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიხსენიებდა, აქტივობებისათვის აქტიურად იყენებდა აღნიშნული უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას.

ცოტა ხნის წინ, სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, „საქართველოს უნივერსიტეტის“ გავლით საპროტესტო აქციები ფინანსდებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.