თბილისში, 22-30 ივლისს გასამართ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში 24 რუსი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ასპარეზობას შეძლებენ სოფია ველიკაია, იანა ეგორიანი, ოლგა ნიკიტინა და კამილ იბრაგიმოვიც, რომლებსაც სხვადასხვა სამხედრო წოდება აქვთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონი, სოფია ველიკაია რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორია. 2024 წლის საპრეზიდერნტო არჩევნების დროს ის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდა და პუტინის „ნდობით აღჭურვილი პირი“ იყო.
ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იანა ეგორიანს - ლეიტენანტის, ხოლო ორგზის მსოფლიო ჩემპიონ კამილ იბრაგიმოვს კაპიტნის სამხედრო წოდება აქვს. პრაპორშიკია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ოლგა ნიკიტინა.
2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) რუს და ბელარუს სპორტსმენებს დროებით აუკრძალა მისი ეგიდით დაგეგმილ შეჯიბრებებში მონაწილეობა. 2023 წლის მარტიდან მათ ტურნირებში ნეიტრალური სტატუსით (დროშის, გერბისა და ჰიმნის გარეშე) მონაწილეობის უფლება მიეცათ. ამასთან, ველიკაიას, ეგორიანს და ნიკიტინას „ნეიტრალურ სტატუსზე“ უარს ეუბნებოდნენ სწორედ იმიტომ, რომ ისინი რუსეთის „არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს“ წარმოადგენენ.

40 წლის სოფია ველიკაიამ, სამხედრო სტატუსის გამო, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებიც გამოტოვა.
საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის (FIE) ახალი პოლიტიკის თანახმად, სამხედრო კლუბებთან აფილირება აღარ წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს იმ მოფარიკავეებისთვის, რომელთაც ნეიტრალური სტატუსის მოპოვება სურთ.
„ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ „არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის“ წარმომადგენელი ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო სამხედრო სპორტის საბჭოს წევრები არიან, რომელიც ოფიციალურად აღიარა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1991 წელს და იმისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო სამხედრო თამაშებში - სამხედრო პერსონალის ოლიმპიურ ტურნირში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, ისინი უნდა იყვნენ დაკავშირებული სამხედრო წოდებებთან. უფრო მეტიც, ეს პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ყველა წამყვან ფარიკაობის ქვეყანაში“, - განაცხადა რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფარიკაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილგარ მამედოვმა, რომელმაც FIE-ს მადლობა გადაუხადა მიღებული გადაწყვეტილებისთვის.
უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხაილო ილიაშევის თქმით, საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება „არა მხოლოდ უკრაინელი სპორტსმენებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო სპორტული საზოგადოებისთვის სახეში შეფურთხებაა“.
„ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით, რომ რუსი მოფარიკავეების ნეიტრალიტეტის შემოწმების მთელი ეს პროცესი ფარსია. ახლა, იმედი მაქვს, ეს ყველა სხვა უცხოური ფედერაციისთვის გახდა ნათელი, რომლებიც ვითომ შერჩევას ნორმალურად აფასებდნენ“, - დასძინა ილიაშევმა.
უკრაინას სოფია ველიკაიას და იანა ეგორიანის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული. ველიკაიამ განაცხადა, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვედრით ამაყობს.
