9 მაისს, გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლებთან თავს დაესხნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს ბორის ჩელე ყურუას და „ახალის“ წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს. თავდასხმამდე ორივე მათგანი მონაწილეობდა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში, რომლის თემაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული რეპრესიები იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მინიმუმ 6 ადამიანი იქნებოდა. სახლში რომ მივედი, შევამჩნიე, სადარბაზოსთან ვიღაც მელოდებოდა. ერთი ჩანდა. მივედი და დავუყვირე, მე მელოდები შე ბ**ო მეთქი და გამოვარდნენ, ვინც მანქანების უკან იყვნენ დამალულები.

ვიღაცამ უკნიდან დამარტყა, წამაქცია და ფეხებით შემდგნენ.

მერე გაიქცნენ, როგორც ხდება ხოლმე“, - თქვა ბორის ჩელე ყურუამ. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

უცნობი პირები სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძესაც.

„ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, კიდევ ორი მანქანაში იყო. სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ამის მოლოდინი მქონდა. ერთი წამოვიდა ერთი მხრიდან, ორი - მეორედან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული, ისე დამხვდნენ.

სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა. თავდასხმის დროს წავიქეცი და მირტყეს წიხლები. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი.

ვყვიროდი, რომ სხვებს გაეგოთ. სინათლე ენთო და ვერ შეძლეს ჩხუბის დიდხანს გაგრძელება. სხვებთან შედარებით მე გადავრჩი, ამ ეტაპზე. როგორც მეზობელმა მითხრა, ის ორი ადამიანი, ვინც სადარბაზოსთან მელოდა, კაპიუშონით და პირბადეებით იყვნენ. სპორტსმენი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, რომლებსაც დიტო სამხარაძისნაირი ზონდერები იყენებენ. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს უწევთ ასეთი დავალებების შესრულება“, - ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე.

***

3 მაისს, თბილისში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რაზეც შსს-ს არავინ დაუკავებია. მედიის მიერ იდენტიფიცირებულ თავდამსხმელებს შორის არიან თბილისის მერიის მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული მწვრთნელებიც.

5 მაისს, ლანჩხუთში, თავს დაესხნენ პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს. პროკურატურამ ფიზიკური ძალადობისთვის ბრალი ერთ პირს წარუდგინა, თუმცა აფხაზავა ამბობდა, რომ თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. სასამართლომ თავდამსხმელი, ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომელი გირაოთი გაათავისუფლა.

7 მაისს, თბილისში, შვედეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.

8 მაისს, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში თავს დაესხნენ და სახისა და თავის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. თავდასხმას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 23 აპრილს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე „დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან“. ჩიქოვანი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.

8 მაისს, უცნობი პირები თავს დაესხნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორს, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარს გია ჯაფარიძეს. ის ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა და აქტიურად არის ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „პირდაპირ ცემა დამიწყეს. რაღაც ჯოხები ეჭირათ. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს - ამას ამბობდნენ“, - თქვა გია ჯაფარიძემ. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმაც.

8 მაისს თავს დაესხნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს. „72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, შენი შვილი გაჩერდესო. გვეგონა, უბრალოდ მუქარაა, მაგრამ ვხედავთ, რომ სახლშიც მოგვივარდნენ. არ ვიცი, საიდან გაიგეს, სად ვიყავი. საეჭვო ნომრიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდა. ალბათ, ასე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით, სამი ადამიანი მოცვივდა. ჯერ ჩაგვიარეს მე და ჩემს მეგობარს. მერე გამარჯობა გვითხრეს და უკნიდან შემოგვიტიეს“, - თქვა ლაშა ღვინიანიძემ.

***

„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა“, - განაცხადა დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ:

„ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს.

ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული და დროული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 9 მაისს თქვა, რომ წინა დღეს მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო: „ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, გამოძიება დაწყებულია“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).