სუს-მა კორუფციული დანაშაულების ბრალდებით დააკავა და პასუხისგებაში მისცა 21 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სხვადასხვა რეგიონში დღეს, 29 იანვარს, ჩატარებული „მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების“ შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დააკავა და პასუხისგებაში მისცა 21 ადამიანი. მათ შორის არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა:

„პირველი საქმე – თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბი სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეორე საქმე – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია ერთი მოქალაქე, ერთ პირს კი ბრალდება წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ბრალდებულები თითქოსდა სამხედრო სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით, მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით და ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს 10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5 000 ლარი. რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ და მიღებული თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მესამე საქმე – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ყოფილ უფროსს და შპს „ბერმუხის“ მმართველს.

გამოძიებით დადგინდა რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებების გარეშე, სამედიცინო დასკვნების გაყალბებით, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევად 6 წვევამდელი აღრიცხვაზე აიყვანა, რომელთაგან ნაწილი ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის მოსახდელად მიავლინეს შპს „ბერმუხაში“. კომპანიის ფაქტიურმა მმართველმა არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა-დახასიათებები, რომ თითქოსდა აღნიშნული წვევამდელები დასაქმებული იყვნენ შპს „ბერმუხაში“ და გადიოდნენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. კიდევ ერთი დეტალი, აღნიშნულ პერიოდში წვევამდელთა ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეოთხე საქმე – ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული შპს „კროლ მედიქალ ქორფორეიშენის“ და შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ 4 ექიმი.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, ამავე საქმეზე, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 პირი, რომლებიც ადასტურებენ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის მიღებას.

გამოძიება სსსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ა ქვეპუნქტით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ა ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეხუთე საქმე – დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის“ წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის“ დირექტორს და შპს „ექსპერტ სერვისის“ ექსპერტს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის“ დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის“ მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის“ ექსპერტის  დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ პუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეექვსე საქმე – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს „ევრო გზის“ დირექტორს და ბუღალტერს, შპს „ბილტმორის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო - შპს „ექსპერტ ჰაუსის“ ყოფილ ზედამხედველს ბრალდება წარედგინათ.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გურჯაანის მერიასა და შპს „ბილტმორს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის - შპს „ევრო გზის“ მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 477 551 ლარი. სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული შპს „ექსპერტ ჰაუსი“, რომლის დასკვნის საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშსწორება. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, რეალურად შესრულებულ სამუშაოებსა და კომპანიის მიერ შედგენილ სამუშაოების შესრულების ამსახველ აქტებში დაფიქსირდა 38 158 ლარის სხვაობა. თავის მხრივ, ზემოხსენებული პასუხისმგებელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 38 158 ლარს.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეშვიდე საქმე – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, ამავე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გურჯაანში და ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინათ.

ჩატარებული გამოძიებით გამოვლენილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა გურჯაანში, გ. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე 3 900 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული წესით რეგისტრაცია. მერის წარმომადგენელმა, რომელსაც ევალებოდა საკითხის შესწავლა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეადგინა და გასცა ყალბი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა გურჯაანის მერიის ზემოაღნიშნული თანამშრომლის სახელზე, რითაც სახელმწიფოს 70 200 ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიება სსსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტით, 25 -180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

სუს-ის განცხადებით, საქმეებზე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.