სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, იგეგმებოდა ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების არალეგალურად შემოყვანა და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
როგორც მაღრაძემ თქვა, კონტრტერორისტულმა ცენტრმა დრეს, 13 ოქტომბერს, სპეციალური ღონისძიება აჭარაში, ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილას ჩაატარა.
„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები.
ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.
საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და, მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითიც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოგისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.
დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
